სალომე ზურაბიშვილი – ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს, ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით შანტაჟის მცდელობები


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ორივე მხარეს აწყობდა.
“ძალიან ნათელია ერთობლივი რაღაც თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომდა ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ, მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის იმათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.
ვის აწყობს? რატომ, არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ მოვარდნას და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული, პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთნი როცა იმას აქეზებდნენ რომ ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, იქნება ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არა ხარ ლაჩარი, ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს, ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამითი პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. მე ამაში არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს. მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს, ზეწოლა, ბულინგი, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი ჩემ კარებთან. არც ერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მით უმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და სხვადასხვა გემოვნება.
მერე მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. ვინმე თუ მიცნობს ამ ქვეყანაში, კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს, ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით შანტაჟის მცდელობები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი