Logo

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, ამ პირობებში ითამაშო შენი ხალხის ნერვებზე

პოლიტიკა
20.05.2023 / 18:12
Frontnews image description

მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება, ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს. არ შეიძლება, ასე აღიზიანებდეთ ხალხს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

 

“ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან, გვიხსნიან, რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება მას, არავისგან და პირველ რიგში, არა იმ ქვეყნისგან, რომელიც არის ჩვენი მუდმივი ოკუპანტი. არა დღეს, გუშინ, გუშინ წინ. არ შეიძლება, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციაში, რომელიც არის ძალიან დაძაბული იმ ომიდან გამომდინარე, რაც დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, ეს აგრესია არ შეიძლება, არ შეიძლება, ამ პირობებში ითამაშო შენი ხალხის ნერვებზე. ამ ქვეყანას, ამ ხალხს გავლილი აქვს უკვე ყველაფერი და ჩვენ კარგად ვიცით ყველაფერი. ამ ხალხს უნდა გაფრთხილება და დაცვა.

 

ყველას გვაქვს ჩვენი ნაწილი ვალდებულება, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და როგორც ვთქვი, საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია. მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, ყოველთვის ვთქვა ის სიტყვა, რაც მე დამრჩენია, ის სიტყვა გამოვიყენო ყველგან, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება, რათა ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის.

 

ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას აქვს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ის, რომ საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით, ვინ შემოვიდა?! რას ნიშნავს, სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის უშუალოდ პუტინის წრე, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?! გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები და სანქცირებული რუსები როგორც უნდათ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, საჩქაროდ შემოიტანონ – ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომელი პირებიც არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს არის მინიმუმი, დაცვა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც არის თავის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან ასეთი საფრთხის ქვეშ და საჭიროა, იყოს უფრო მეტად დაცული, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ასე რომ, ეს ევალება ხელისუფლებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები