სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის ერთი და ეს არის უკრაინა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
მისივე თქმით, უკრაინამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, თუმცა ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია და დღეს, როცა იგი ცდილობს, გაუმკლავდეს უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას.
“ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო აქ, გავაუქმე, რამეთუ დღეს საკითხი ეროვნული თანხმობის არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის უკრაინა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინისთვის დღევანდელი დღე ტრაგიკული დღეა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბოლომდე ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობის მოყვარე დემოკრატიული ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. უდნა შევუერთდე გაერო-ს გენმდვივნის და ყველა სხვა ლიდერის განცხადებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდების შესახებ.
მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციას და მთავრობას, როგორც არასდროს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომით თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოთი, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს.
ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ამის უფლებას მაძლევს კონსტიტუცია, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი, ყველა ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





