სალომე ზურაბიშვილი – ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
პროვოკაცია თუ პაროდიაა, რაც ხვალ პარლამენტში ხდება, არ ვიცი, რა დავარქვა, ალბათ, უფრო პაროდია, რადგანაც ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მოკლებულია მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამით ხდება პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის.
“ეს მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ამიტომ ამას დიდხანს არც დიდი ანალიზი არ სჭირდება, არც დიდხანს გაჩერება ამ თემაზე. ყველაფერი არის პაროდია, თუნდაც დღეს რაც ხდება, „ოცნებიდან“ გადის „ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს, თუ არ ნიშნავენ. მოკლედ, ამას არაფერი კავშირი აღარ აქვს რამე პოლიტიკურ პროცესთან. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად. ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი. ამით ერთგვარად ხდება პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, ასე რომ მოეპყრო დამოუკიდებელ ქვეყნის ინსტიტუტებს, თუნდაც პირველ რიგში, პარლამენტს და ყველა სხვა ინსტიტუტებს. ეს არის ალბათ, მიუღებელი.
დღევანდელი ჩემი მოწოდებაა, რომ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, პაროდია იმათ დარჩებათ და მთავარი ხდება სხვაგან, დღეს ჩვენ ქუჩებში, ქალაქებში, მთავარი ხდება ის, რომ ყოველდღე გამოდის კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი, მეტი და მეტი პიროვნება, რომელიც თავის საკუთარ პროტესტს ახორციელებს, ან გამოსვლებით, ან პეტიციებით, ან სიტყვით, ან მარშით. ამან მოიცვა მთელი ქვეყანა და ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ყველა ქალაქში, პატარა თუ დიდი იყო ერთგვარი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, ყველა თაობა. ვხედავთ, რომ ჩვენი უფროსი მეგობრები არიან ზოგჯერ სათავეში ამ პროტესტის და გვაჩვენებენ გზას. დღეს იყო ძალიან საინტერესო მაგალითი ამის, როგორ გამოდიან მართლაც ყველა პროფესიის წარმომადგენლები სხვადასხვა სეგმენტების და როგორ ყველა თავისი კუთხით და თავისი ხმით ახმოვანებს ამ პროტესტს. ამ პროტესტმა მოიცვა ასევე ჩვენი დიასპორა, ძალიან ბევრ ქალაქებში, უცხოეთში ასევე იყო გამოსვლები, მოიცვა საჯარო სექტორი, რაც ძალიან უჩვეულოა ჩვენი ქვეყნისთვის. აქამდე ძალიან ერიდებოდა საჯარო სექტორს.
ამან გამოიწვია უმკაცრესი კანონის ცვლილება დღეს საჩქაროდ, აჩქარებული პროცესით მიიღეს ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკულად არის საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი და ა.შ. აგრძელებენ, მაგრამ ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, არც ინტიმიდაცია, არც ყველა ეს ზომები, ხერხები, რაც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო დგას და იდგება. ასევე ევროპული საქართველოს იდეით გაერთიანდა ერი და შედგა ეროვნული თანხმობა. ის, რასაც ვხედავთ ქუჩებში, ის სოლიდარობა, სიყვარული, სითბო, მოთმინება, მშვიდობიანი გამოხატულება ამ ერთიანი ეროვნული განცდის არის ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა. ეს არის ის იდეა, რომელიც რეალობად იქცევა. ერთი რამე აკლია და ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც არსებობს, როცა ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი