სალომე ზურაბიშვილი – ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის!


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის!, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“ევროპა ასევე ნიშნავს დამოუკიდებლობის გაძლიერებას: ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! – ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ჩვენში ეს მეხსიერება არ წაშლილა. ეს გზა უფრო ტრაგიკულად გაიარეს ზოგიერთმა ჩვენმა მოძმე, პატარა, კავკასიურმა ერებმა, რომლებიც დღეს უკვე გადაშენებულად მიიჩნევიან, ამ გზაზე საბედისწეროდ დგას აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა! ევროპა კი, სწორედ ის სივრცეა, სადაც თავისუფალი ერები, მრავალი ენა, უმცირესობები, რეგიონები, მრავალფეროვანი კულტურა და იდენტობა თანასწორობით და კანონითაა დაცული.
ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას: დღეს ევროპა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რეგიონია, თუმცა სიმდიდრე თავისთავად არაფერია, თუ ის არ გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობას, რაც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფლებების დაცვასა და განხორციელებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამას გვპირდება ევროპა. კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის. ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს მთელი რიგი დაცული უფლებები აქვთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები.
მოქალაქეებს აქვთ უფლება საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება, თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს.
მოქალაქეებს აქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში: სურსათის უვნებლობა, ქაოსური მშენებლობები, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, ხმაური, გაუკონტროლებელი, მიუსაფარი ცხოველები და კიდევ სხვა, მრავალი საკითხი, რომელიც ევროპული კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და დაცულია სამართლიანი სასამართლოთი. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ყველანაირი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.
კეთილდღეობა ასევე ნიშნავს პრევენციას, რათა მაგალითად, თუ შოვის ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი განმეორდა, ტრაგედია არ განმეორდეს და მის წინაშე სახელმწიფო უსუსური და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად არ აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ იქცა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენად 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა. ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ, ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია

სალომე ზურაბიშვილი – არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ დავუთმეთ რუსეთს არც ჩვენი ევროპული გზა და არც დამოუკიდებლობა და აბა, შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ?! არც არაფერს