Logo

სალომე ზურაბიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე

პოლიტიკა
21.04.2022 / 21:01
Frontnews image description

აშშ-ის როლი  დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე ,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. 

 

საქართველო პრეზიდენტის თქმით,  უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. 

 

“ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად  შეიტანა თავისი წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.   ქართველებმა შეასრულეს თავიანთი მისია ავღანეთსა და თუ ერაყში, დღეს როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა და ჩვენს ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობა  გვჭირდება საქართველოს, თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ რომ საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა რეალობაა, რომ საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ჩამოსვლა მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება.

 

დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა. დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, ასევე ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის, და ყველა ვხედავთ, თუ რაოდენ შემართებით უმკლავდება  ის აგრესორს. უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველივე დღიდან აშშ-ის მხრიდან გამოცხადებული სოლიდარობა და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის უპრეცედენტო ერთიანობა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. საქართველოს კარგად ესმის თუ რას ნიშნავს ომი,  ოკუპაცია და თავისუფელბისთვის ბრძოლა, ესმის  სოლიდარობის ფასი. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ეს  ვიზიტი მხარს უსვამს იმას, რომ თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე.

 

აშშ-ის როლი  დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთოებასა და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალ, გადამწყვეტ ეტაპისთვის, თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატოს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება,  რათა ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს, გაძლიერდეს და გადავიდეს ახალ საფეხურზე  შემდეგი 30 წლისთვის“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები