Logo

სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი სიტყვა თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად

პოლიტიკა
01.09.2022 / 20:35
Frontnews image description

პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მითუმეტეს, ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი სიტყვა თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად,  – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, არ სურს პოლემიკაში ჩართვა, თუმცა საჭიროა განმარტოს, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით რატომ  მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება.

 

“ჩემი დღევანდელი გამოსვლა არ იკითხება, როგორც რამე პოლემიკაში ჩართვა, მაგრამ  ამავე დროს,  მე მიმაჩნია,  რომ პრეზიდენტს ევალება, რაღაც საკითხებზე, რომელზეც ყველა საუბრობს და ხსნის ამ საკითხებს, თვით პრეზიდენტმა  თავის სიტყვა თქვას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ესა თუ ის გადაწყვეტილება. 

 

ეს ეხება, პირველ რიგში, გახმაურებულ საქმეს, რომელიც ეხება ჩვენს ყოფილ  ელჩს  აშშ-ში დავით ბაქრაძეს, დღეს უკვე გაეროში ჩვენს მუდმივ წარმომადგენელს, სადაც მე გამოვთქვი ჩემი პოზიცია, ჩემი პროფესიონალური პოზიცია მისი საქმიანობის შესახებ 5 წლის მანძილზე. ეს არგუმენტები მე არასაჯაროდ წარვუდგინე იმ კონფიდენციალურ ფორმატში, რაც  არსებობს კონსულტაციებისთვის. ეს გათვალისწინებული არის ჩვენი სამართლებრივი ტექსტებით. 

 

კონფიდენციალური წარდგენის შემდეგ მოდის ის ოფიციალური წარდგენა, რომელიც მე გუშინ მომივიდა და მე ხელი მოვაწერე. ხელი მოვაწერე არა იმიტომ რომ ვიღაცამ დამაძალა ან რამის შემეშინდა. ყველას ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი. შეფერხება უნდა ყოფილიყო, რადგან გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება 3 კვირაში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

მისივე თქმით, მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც მისი მხრიდან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მმართველმა ძალამ ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე  7 ახალი წარდგენა  გაუგზავნა.  

 

“დღეს მივიღე 7 წარდგენა,  ისე რომ არცერთზე კონსულტაცია არ ჩატარებულა. ისე დამიდეს მაგიდაზე ეს 7 წარდგენა, რაც არის ერთგვარი პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე.  უკვე საჭიროა და ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი.  პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მითუმეტეს, ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი სიტყვა თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

“ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს  საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასების მოთხოვნით მიმართა, თუმცა დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლოში დავას აღარ გააგრძელებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები