სალომე ზურაბიშვილი – ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ


ავტორი
Front News საქართველო
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ე.ი. ახალ, ევროპულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა.
ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.
მივმართავ საზოგადოებას – მიზნის მიღწევაში თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.
ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უცნაურია, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს, ან ვიღაც ცდილობდეს გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას, თუ მივეცეთ უმოქმედობას და ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.
ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში.
აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია!
მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც არა ნაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი.
მივმართავ ახალგაზრდობას, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.
ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ!
დაბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს.
არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიული ამოცანის წინაშე, მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, არამედ როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი; ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი…. ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული.
ასევე, ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც
ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში.
უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მანდატის დროს გადაიდგა ევროპისკენ ესოდენ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი იყო და არის. არ ვაპირებ და არ მჭირდება ვინმეს შევეჯიბრო იმაში, თუ რა წვლილი მიმიძღვის ამ გამარჯვებაში, რამეთუ ეს საქართველოს მიღწევაა! ახლა გარჩევების დრო არაა, არამედ ამ მიღწევის ბოლომდე მიყვანის დროა!
მე, პირადად, ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას, მცდელობას არ მოვაკლებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი