სალომე ზურაბიშვილი – ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში დღეს ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა მიზნად ისახავს 25 თებერვლის ტრაგიკულ დღეს წარმოაჩინოს მტრის დამარცხება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურისა და შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს.
“ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინც და მაინც ომით, მაინც და მაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის – თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს.
ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს.
ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გამოფენაში მონაწილეობენ: ბორენა ნაჭყებია, ნინა ახობაძე, ნინო გიდერიძე (გოდ ერა), გელა პატიაშვილი, დავით კუხალაშვილი, უტა ბექაია, გურამ შავდია, მაშო ოდიშელიძე, იოანა წუალაია, თეო მასპი, ვატო ბაქრაძე, დათო აფაქიძე.
გამოფენის ორგანიზების მხარდაჭერა განახორციელა “ვინდოუ ფროჯექთმა“.
გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე მეილზე: info@president.gov.ge.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




