Logo

სალომე ზურაბიშვილი - საჭირო გახდა გაბრაზებული "ქოცების" და გაოგნებული რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა

პოლიტიკა
161
Frontnews image description

უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ „არნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს“, თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, საჭირო გახდა გაბრაზებული „ქოცების“ და გაოგნებული რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა და რა უფრო საყურადღებოა, ამ საახალწლო პერიოდში თუ არა პროდუქტების უსაშველოდ გაზრდილი ფასები.

"რეჟიმი ვერ აჯერებს ხალხს და ვერც საკუთარ მომხრეებს, რომ ლილუაშვილი მათი კი არა, თურმე ოპოზიციის იყო და ამ უკანასკნელის დამფინანსებელიც კი! ამიტომ გახდა საჭირო გაბრაზებული „ქოცების“ და გაოგნებული რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა და რა უფრო საყურადღებოა, ამ საახალწლო პერიოდში თუ არა პროდუქტების უსაშველოდ გაზრდილი ფასები! ამიტომ მოგვევლინა კობახიძე ახალი ცრუ დაპირებით (ფასების კონტროლი) და ნამდვილი მუქარით, ახლა უკვე დიდი და პატარა ბიზნესის მიმართ! უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ „არნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს“, თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა! ამავე დროს, აღმოაჩინეს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლის ბრალი კი არაა, არც იმისი, რომ 13 წელი ქვეყანას საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული არც ხედვა და არც პოლიტიკა არ ჰქონია, არც იმისი, რომ ყველა მიმართულებით იმპორტისა თუ ექსპორტის მონოპოლისტური კომპანიები, როგორც სუპერმარკეტების ქსელები, ყველა „ქართული ოცნებისა” თუ მასთან გარიგებული პირების ხელში იყო და არის! პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრებათ ამათ! არც საკუთარი გუნდის უკიდეგანო კორუფციაზე, არც უუნარობაზე, არც მათთან შეკრული უცხო ინტერესების გამტარებელი და კორუმპირებული უცხო ინვესტორების ხელშეწყობაზე, „ატკატების“ სანაცვლოდ. არა, ეს ყველაფერი თურმე თქვენი და ჩემი ბრალი ყოფილა და იმათი, ვინც ფული “უკან თუ არ მოიტანეს” დროზე, კობახიძე სუსს მიუქსევს და ახალი დაჭერების სერია დაიწყება! ამ დროს არ დაგვავიწყდეთ: “ქვეყნის ეკონომიკა დუღს და გადადუღს”.

არ მეგულება ქვეყანა (რუსეთის გარდა), სადაც ფასების კონტროლის საკითხი და მარკეტების კონტროლი პირდაპირ სუსს ებარებოდეს. არც ის გამიგია, პრემიერი რომ წყვეტდეს პარლამენტის დღის წესრიგს და აცხადებდეს პარლამენტის თავმჯდომარის მაგივრად საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. (ვინ იქნებიან ის პარლამენტარები, ვინც ეკონომიკაზე იმსჯელებენ და არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე, ეს კიდევ გასარკვევია)! მოკლედ აირია მონასტერი. როგორც ბუზი ჭიქაში ხან საით მიეხეთქება და ხან საით, ამათმაც ვეღარ გაარკვიეს, რას გვემუქრებიან, ხან ვის იჭერენ და რა ბრალდებებით, უკვე აღარ იციან. ამ დროს უკმაყოფილება იზრდება ყოველდღიურად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება.

"მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები