Logo

სალომე ზურაბიშვილი - სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც პოლიტიკური, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, აქ საუბარია მათი უფლებების დაცვაზე

პოლიტიკა
137
Frontnews image description

არ მაინტერესებს, ვის აძლევდნენ ემიგრანტები ხმას, აქ საუბარია მათი უფლებების დაცვაზე, მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე მავნებლური და დანაშაულებრივი რეჟიმი. 

ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, ვინც ცხოვრობს ემიგრაციაში - დიასპორის ნაწილი, საქართველოდან წასულია მილიონზე მეტი და დღეს ალბათ, მილიონ ნახევარზე ავიდა ეს რიცხვი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის ძალიან ნამდვილი რესურსი და ყველამ ვიცით, როგორ ირიცხება თანხები მათგან, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც, როგორც ჩანს, დღეს ძალიან უჭირს.

ეს ნაწილი წასულია იმიტომ, რომ სწორედ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც პოლიტიკური, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა. ამიტომ, არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ შეუნარჩუნოს კავშირები ქვეყანასთან.

გადავხედოთ, როგორ ეპყრობიან სხვა, პატარა ქვეყნები, მაგალითად, ისრაელი თავიანთ მოქალაქეებს - უფრთხილდებიან, ცდილობენ, დააბრუნონ და ხელს უწყობენ, ჩვენთან  - არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ, შეექმნათ პირობები, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში და პირიქით ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იგრძნონ, რომ რაღაც დიდი განხეთქილებაა მათ და ჩვენ შორის.

მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ საკითხზე, მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც გააჩინა ორმაგი მოქალაქეობის საშუალება, რაც პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კანონის შემდეგ 6 წელი არ გამიჩერებია ბრძოლა იუსტიციის სამინისტროსთან, რომ გამარტივებული ყოფილიყო ეს ორმაგი მოქალაქეობის მიღება. იმის მაგივრად, რომ გაგვემარტივებინა - გაართულეს და ამით ვეუბნებით, რომ შენ მანდ იყავი და საქართველოში ფული გამოაგზავნეო. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეხუთე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს არის ვალდებულება და როგორ იქცევა ეს რეჟიმი?! 

ესენი არიან, ვინც დღეს აცოცხლებენ საქართველოს კულტურას გარეთ, საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ მათ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, არის კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელი.

არ მაინტერესებს, ვის აძლევდნენ ემიგრანტები ხმას, აქ საუბარია მათი უფლებების დაცვაზე, მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. დღეს მე გული მტკივა იმ ქართველებზე, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და აქვთ ერთი სურვილი, რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნებათ, რომ არ ხართ ჩემი შვილებიო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

 

Advertisement