სალომე ზურაბიშვილი – თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ ხელში არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ქვეყნის ბედი


ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტები ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ ხელში არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ქვეყნის ბედი და ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, როგორც დღევანდელი ეპოქის გმირები. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოვებთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების დაჯილდოებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის მარტივი იდგე აქციაზე და აშუქებდე, როცა თავს გესხმიან.
“მსოფლიოში ეს დღე ითვლება, როგორც ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღე. ეს დღე, არა თუ ადამიანების უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა. ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება საქართველოს ისტორიაში. ასევე, ისინი, ვინც მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც შევლენ საქართველოს ისტორიაში, რადგან ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასდროს ივიწყებს. იცოდნენ, რომ გაირკვევა ვინ სად იყო, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ და ყველას დავიმახსოვრებთ.
მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ჟურნალისტებს, თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ ხელში არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ქვეყნის ბედი და ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ, როგორც დღევანდელი ეპოქის გმირები. ადვილი არ არის მიხვიდე იქ, სადაც არიან ეს მხეცები, იდგე იქ, სადაც გაზს უშვებენ. ადვილი არ არის, როცა ჟურნალისტებს ფეხქვეშ თელავენ, იქ იდგე. მე ვერ გავბედავდი. დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, ვინც ასე ღირსეულად და მშვიდობიანად იბრძვის იდენტობისთვის, ენისთვის. ეს ხართ თქვენ, თქვენთან ერთად იბრძვის ნამდვილი საზოგადოება. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოვებთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 10 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში ის ჟურნალისტები და ოპერატორები დააჯილდოვა, რომლებიც მიმდინარე აქციებს აშუქებდნენ.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი