სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკოსების შეხვედრები გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის რეზიდენტიციაში “ეროვნული თანხმობის” ფორმატის ფარგლებში პოლიტიკოსებთან შეხვედრები გრძელდება. დღეს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საპარლამენტიო ფრქციის “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე და “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე უკვე იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მივიდა ფრაქცია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია, ასევე “მოქალაქეების” წევრები.
როგორც დეპუტატები აცხადებენ, პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, პარტიების წარმომადგენლობებთან შეხვედრები უფრო ვრცელ ფორმატში გაგრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მან ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის საკითხებზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიიდანაც იქნება წარმომადგენლობა, რომელიც შეხვდება პრეზიდენტს. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად როგორ გვესმის და მე როგორ მესმის ეს საკითხი. ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის ყველაზე დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის. პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მათ შორის პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს.
მე გავუზიარე, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ასევე ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის. მან მომისმინა, ერთმანეთს მოვუსმინეთ, მოხდა აზრების გაცვლა. მისი წარმოდგენით, არის ის მოცემულობა, რომ ძალიან რთული ხდება უკვე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება. ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება, ესეც გაიზიარა. მზაობა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, არსებობს. ჩემი განწყობა არის პოზიტიური უფრო იმიტომ, რომ როდესაც არსებობს კიდევ ერთი ფორმატი იმის, რომ ჩვენ ამ მძიმე მოცემულობიდან გამოსავალი მოვძებნოთ, მე ვფიქრობ, ეს არის პოზიტიური მოლოდინი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“ეროვნული თანხმობის” საკითხებზე დაწყებული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა პოლიტიკოსებს, როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




