Logo

“სამწუხაროა, რომ ივანიშვილის გუნდისთვის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება და ოპონენტების დევნაა”

საზოგადოება
1209
Frontnews image description

"ოცნებისთვის" მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება და ოპონენტების დევნაა, – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყანაში არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ისინი აპირებენ, რომ გააგრძელონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ა.შ. 

ჩვენ გვქონდა შანსი კიდევ ერთხელ, რომ დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე შარლ მიშელის დასახელებულ გეგმაში. 5 პუნქტი არსებობდა შეთანხმებაში, აქედან სამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა შეთანხმებას და არსებობდა ორი საკითხი, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა. რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის, რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით,  დოკუმენტში, რომელიც მედიატორმა წარმოადგინა, ამნისტიის შესახებ პუნქტში საუბარი უნდა ყოფილიყო, როგორც ნიკა მელიაზე, ასევე გიორგი რურუაზე, რადგან ის 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე დააკავეს.

"ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, ჩვენი აზრითა და შეხედულებით უნდა შეეხებოდეს ორივე პოლიტპატიმარს, რომელზეც საუბარია, როგორც ნიკა მელიას, ასევე გიორგი რურუას, იმიტომ რომ ვფიქრობ, "ქართული ოცნებისა" და ირაკლი კობახიძის გარდა, ჩვენ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი რურუა არის დღეს პატიმრობაში პოლიტიკური მიზეზებით და მათ შორის, დიახ 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე. ამიტომ, მე მინდა არავინ არ შეიყავნოს შეცდომაში "ქართულმა ოცნებამ". თქვენ მოისმინეთ მედიატორის შეფასებაც, რომელმაც პირდაპირ ისაუბრა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და თქვენ ნახეთ, რომ "ქართული ოცნება" არ აღმოჩნდა მზად იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომელიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც ნაწილი შეთანხმების", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

თაგები:

Advertisement