საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს კიდევ უფრო ღრმა და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობები.
"მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებაზე.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და მასში საქართველოს სტრატეგიულ როლზე.
განხილვის თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მათი შესაძლო გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
საპარლამენტო დელეგაცია




