საპატრიარქო – დროა, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან


ავტორი
Front News საქართველო
როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
“გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.
როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცველების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.
დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
საპატრიარქო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს