საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა, – ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად.
“კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება. ის აღნიშნავს საფრანგეთის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. ის ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და დაუყოვნებლივ აღდგეს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მიმოსვლა.
ბაქოში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის აგრეთვე პატივს მიაგებს 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.
ერევანში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა არარატ მირზოიანთან. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს”, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





