“საფრთხეების შედარებით გასანეიტრალებლად პარლამენტის წევრთა რაოდენობის 100-მდე შემცირება ლოგიკური იქნება”

ავტორი
Front News საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტ.პატიმრები ადამიანის უფლებების" სახელით: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და თემურ ლომაია განცხადებას ავრცელებენ.
"ომი დამთავრდა… მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!!!
პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებული „გამიშვი-დამიჭირე“ დასრულდა, მალე ნიკა მელიას ციხეში „შედი-გამოდის“ ტრაგიკომედიაც დასრულდება, ვიღაცეები თავის პოლიტიკურ თუ პიროვნულ ეგოიზმს დაიკმაყოფილებენ, ვიღაცეები კიდევ უფრო დაიბოღმებიან, მაგრამ რას მიიღებს ამ ყველაფრის შედეგად ჩვენი საზოგადოება?
მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს შექმნილი და პერსპექტივაში არსებული პოლიტიკური რეალობა კრიზისის კიდევ უფრო გამწვავების პოტენციალს უსახავს საქართველოს.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნახევარი წლის მანძილზე ქვეყნის ჯანჯღარით და საკუთარი ეგოისტური ამბიციებით დატვირთული პოლიტიკური პარტიები პარლამენტში ინარციით მხოლოდ დესტრუქციულ მისწრაფებებს გამოამჟღავნებენ, განსაკუთრებით პირველ ხანებში, რათა საკუთარ პატრონებს, კოლეგებს და თავის თავსაც დაუმტკიცონ, რომ არავისთვის უღალატიათ და „ქართულ ოცნებასთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ისევ ჩართულები.
ამას კიდევ აიტანს და გაუძლებს კაცი (შეჩვეულები ვართ!), მაგრამ რა მომავალ საკანონმდებლო ცვლილებებზეც არის მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმება, მისი შედეგები მომავალში ნამდვილად მძიმე გადასატანი იქნება ქვეყნისთვის.
მხედველობაში გვაქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარება.
მართალია, ეს კონსტიტუციურად განმტკიცებული ნორმაა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებების თანახმად, კონსტიტუციაში დაფიქსირებული 5%-იანი ბარიერი უნდა ჩამოვიდეს 2%-მდე. ეს კი ხელ-ფეხს უხსნის ბევრ წვრილ და მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ თითო-ოროლა დეპუტატი გაიყვანონ პარლამენტში, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სრული პროპორციული საარჩევნო სისტემა თითქმის უცილობლად გულისხმობს კოალიციური მთავრობის შექმნას, დიდი ალბათობით, სწორედ ამ 2%-იანი პარტიების წარმომადგენელთა პოზიცია იქნება ძალიან ხშირად გადამწყვეტი უმნიშვნელოვანესი საქვეყნო საკითხების გადაჭრის დროს.
ჩვენს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში კი ძალიან ხშირად შეიქმნება სიტუაცია, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ 2%-იანი პარტიების დიქტატით, რაც წარმოშობს პარლამენტის პოლიტიკური (და არა მარტო) ვაჭრობის და უაპელაციო აღებ-მიცემობის გადაქცევის პერსპექტივებს.
ამ ვაჭრობისას ვერ შეთანხმების შემთხვევაში კი გარანტირებული გვექნება მუდმივი საპარლამენტო კრიზისები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კასკადები.
მყარი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებშიც (ისრაელი, ბელგია, იტალია და ა. შ.) კი ასეთი კრიზისები მწვავედ აისახება მათ შიდა მდგომარეობაზე, თუმცა, ისინი ასე თუ ისე მაინც უძლებენ ამას და ზოგჯერ საზოგადოება ვერც კი გრძნობს, რომ ქვეყანა ამა თუ იმ მონაკვეთში საერთოდ უმთავრობოდ განაგრძობს არსებობას, მაგრამ წარმოგიდგენიათ საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე სხვა და სხვა პოლიტიკური ძალებისაგან შეკოწიწებული სამთავრობო კოალიციები თითქმის ყოველწლიურად (ან წელიწადში რამდენჯერმეც კი) ცვლიდნენ ერთმანეთს და ამან ქვეყანა და საზოგადოება სისტემატურად არ აჯანჯღაროს? ჩვენ გვგონია, რომ ის უკიდეგანო და ზღვარდაუდებელი დაპირისპირება, რომელიც დღეს პარტიებს შორის მხოლოდ ვერბალურ დონეზე არსებობს, თავის გამოხატულებას მომავალში უკვე პრაქტიკაში ჰპოვებენ, ხოლო პარტიებიდან მათ მომხრეებზე გადაინაცვლებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავის დროზე დიდი შეცდომა იყო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ამის კონსტიტუციაში დაფიქსირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ დღეს ამის შეცვლის საკითხის დაყენება სამწუხაროდ, უაზრობა იქნებოდა.
ასევე უპერსპექტივოა იმის მოთხოვნა, რომ არ განხორციელდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილება 5%-იანი ბარიერის 2%-მდე დაწევის შესახებ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი რეალური გზა, რომელიც შედარებით შეამცირებს ზემოთ ხსენებულ მოსალოდნელ საფრთხეებს, იქნებოდა პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება 150-დან 100-მდე.
ვფიქრობთ, მოტანილი არგუმენტები საკმარისია იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყოს მსჯელობა ამ წინადადებაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში 2%-იანი ბარიერის გადასალახავად ამომრჩეველთა დაახლოებით 50-60 ათასი ხმის მოპოვება იქნება საჭირო და არა 30-32 ათასის.
აქვე ვიტყვით, რომ მაგალითად, 10 მილიონიან ისრაელს 120 ადგილიანი პარლამენტი აქვს, ესტონეთის პარლამენტი 101 წევრისგან შედგება, ლიტვის პარლამენტი -141 წევრისგან, ლატვიის პარლამენტი – 100 წევრისგან, სომხე¬თის პარლამენტი – 131 წევრისგან და ა. შ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამომრჩე¬ველთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრთა 150-კაციანი რაოდენობა შეიძლება საშუალოდ ჩაითვალოს, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ საარჩევნო ბარიერი მომავალი არჩევნებიდან იქნება 2%, აშკარაა ის საფრთხეები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ და მიგვაჩნია, რომ ამ საფრთხეების შედარებით გასანეიტრალებლად პარლამენტის წევრთა რაოდენობის 100-მდე შემცირება ლოგიკური იქნება", – აღნიშნულია განცხადებაში
თაგები:





