საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა


ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრების: ბაია კვიციანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ელისო ბოლქვაძის, ბექა ოდიშარიას და ქეთევან დუმბაძის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელა.
როგორც მომხსენებელმა ბაია კვიციანმა სხდომაზე განმარტა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასევე ის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
მომხსენებლის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა კოლექტიური მართვის სფეროში სრულად ვერ პასუხობს დარგში არსებულ გამოწვევებს. ასევე, მასში არსებული ბუნდოვანება ქმნიდა ინტერპრეტაციის საშუალებას, რამაც სფეროში მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების განხორციელების საჭიროება.
“ცვლილება შემუშავდა სამ პრინციპზე დაყრდნობით: ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და სწორი მმართველობა. წარმოდგენილი კანონპროექტი მაქსიმალურად არის დაახლოებული ევროდირექტივასთან“, – განაცხადა ბაია კვიციანმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.
თაგები:
კომიტეტი