Logo

საქართველოს და ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება
1439
Frontnews image description

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ვიდეოკონფერენციის ფორმატის შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან აგნე ბილოტაიტესთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას 2021-2022 წლებში.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტით განსაზღვრულ სფეროებში, როგორიც არის: საგანგებო სიტუაციების მართვა, პროფესიული განათლება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოება და სხვ., თანამშრომლობას განახორციელებენ საერთო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის, გამოცდილებისა გაზიარების, სამუშაო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზების გზით.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.

ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ.

თაგები:

Advertisement