საქართველოში ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ სამხარაძესთან გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა საქართველოს და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და რუსეთის უკანონო ქმედებებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი.
“ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი კოლეგების ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც რეგიონი ასეთი რთული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას. კოლეგებთან განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შეხვედრაზე დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, – განცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ბალტიისპირეთის ქვეყნები




