საზოგადოებრივ მაუწყებელზე გორგილაძის გადაცემის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ გადაცემის დახურვა “მოულოდნელი და არამოტივირებულია”.
მათი თქმით, არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად – მათი თქმით, არჩევნებამდე 1 წლით მიდი ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნეს წაკითხული.
სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სხდომაზე ფინანსური საკითხები განიხილეს, თუმცა არცერთი სიტყვა არ ყოფილა, რომ გადაცემების დახურვა იგეგმებოდა.
“არ ვიცი რა გადაცემებია დახურული, რა მიზეზით არის დახურული, როგორი საბიუჯეტო ცვლილებები ახლავს ამ პროცესს თან და რატომ მოხდა ყველაფერი იმგვარად, რომ ერთ დღეს დაამტკიცეს ბიუჯეტი, ჩვენ არ მიგვიცია ხმა მართალია, მაგრამ ხომ დაამტკიცა საბჭომ ბიუჯეტი და მეორე დღეს დახურეს გადაცემები. ხომ არ იყო დაკავშირებული ეს ამბავი იმასთან, რომ გადაცემის ავტორი, მაგალითად, ამ შემთხვევაში დავით გორგილაძე, თავის დროზე აპროტესტებდა რუსულ კანონს, ჩვენ ამ საქმეს ასე რა თქმა უნდა არ დავტოვებთ, ვაპირებთ გამოვითხოვოთ სრული ახსნა-განმარტება დირექტორებისგან”, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გადაცემა გორგილაძის “აუტანელი სიმსუბუქე” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. წამყვანი დათო გორგილაძე აცხადებს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება.
ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.
თაგები:





