
ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას, – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.
“თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.
მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფრასტრუქტურა და სეისმომედეგი მშენებლობაა.
აშშ, კანადა და იაპონია მაგალითია იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ საშიში არაფერია. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, რეგიონის რთული გეოლოგიური პირობებისა გამო ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს (1999 წლის იზმირის მიწისძვრა, 2011 წლის ვანის მიწისძვრა, 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრა და სხვა).
კავკასიაც რეგიონის კომპლექსური ტექტონიკის ნაწილია და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები.
გვსურს განვმარტოთ, რომ ცალსახა კორელაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის არ არსებობს. სხვა სიტყვებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას.
საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენთან ყოველდღიურად ათეულობით მიწისძვრა ხდება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს.
გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
მიწისძვრა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს