შალვა კერესელიძე – გრძელდება ზეწოლები ჩვენი პარტიის მიმართ, ყველაფერს აკეთებთ, რომ ხელი შეუშალოთ ჩვენი პარტიის სტაბილურ განვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
“დიახ, არჩევნები დასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ არჩევნების დასრულების შემდეგ, კვლავ გრძელდება ზეწოლები ჩვენი პარტიის მიმართ, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ ჩვენი პარტიის სტაბილურ განვითარებას, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ და ბოლომდე გადაკეტოთ ჩვენი პარტიის ფინანსური რესურსი და შემოწირულობები, მაქსიმალურად შეზღუდოთ ჩვენი მხარდამჭერები და შემომწირველები. აღარაფერს ვამბობ, ახლად არჩეულ საკრებულოს, როგორც მაჟორიტარულ ასევე პროპორციული სიით გამარჯვებულ დეპუტატებზე“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძე პარლამენტში განაცხადა.
კერესელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დასრულდა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ფინანსური რესურსი გადაკეტონ, ზეწოლებს ახდენენ მხარდამჭერებზე, პარტიის მაჟორიტარულ და პროპორციული სიით გამარჯვებულ დეპუტატებზე.
“დასრულდა არჩევნები, ოფიციალური შედეგებიც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ არავის ახსოვს ჩვენი მოქალაქეები და სამწუხაროდ კვლავ არავის ახსოვს სახელმწიფო და ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. კვლავ არავის ახსოვს არც ის, რომ ყოველდღიურად უკვე 80-ზე მეტი ადამიანი გვეღუპება პანდემიის შედეგად, მაგრამ სამაგიეროდ ერთმანეთის ჯინაზე, ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს აქციაზე.
ექიმებს, ეპიდემიოლოგებს და სპეციალისტებს მაინც დაუჯერეთ და ჰკითხეთ, რა ფასად უჯდება ეს ყველაფერი სახელმწიფოს და საზოგადოებას, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ეს არ გაინტერესებთ და ყოვლად მიუღებელი მეთოდებით ებრძვით ერთმანეთს და სინამდვილეში ერთმანეთს ასაზრდოებთ, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ზრდის საზოგადოების პოლარიზებას და დაძაბულობას“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მისი თქმით, პარლამენტში იმის ნაცვლად, რომ დეპუტატები საუბრობდნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, დაკავებულები არიან რევანშისტულ მიდგომებზე.
“აქ, ამ დარბაზში, ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ საქმეზე, ვსაუბრობდეთ პრობლემების მოგვარებაზე და გადაჭრაზე, დაკავებულები ხართ რევანშისტული მიდგომებზე და ბიუროკრატიის გაზრდით. ბიუროკრატია ვახსენე და ჩემთვის მართლა ყოვლად წარმოუდგენელია თუ რაში სჭირდება ახლად არჩეულ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარეს და ფრაქციის თავმჯდომარეს კიდევ ერთი დამატებითი ახალი მოადგილე და მოადგილეები. ალბათ იმიტომ, რომ ახლად არჩეული საკრებულოს დეპუტატები უბრალოდ თანამდებობებს ვეღარ იყოფენ და ბოლოს, ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე მაღლა, სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესები უნდა დავაყენოთ, სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას, კიდევ ერთხელ მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას, დაანებეთ თავი პოლიტიკურ ბუტიაობას, დაანებეთ თავი საზოგადოების დაპირისპირებას და განხეთქილებას.ნუ იქნება მთავარი მიზანი რევანშისტული მიდგომა. კეთილი ინებეთ შემობრძანდით ამ დარბაზში და მივხედოთ საქმეს და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ საქმეებზე და იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას და ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
თაგები:
შალვა კერესელიძე