Logo

შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბერს ხალხის ნების შეცვლა განიზრახეს იმ ძალებმა, რომელთაც საქართველოს დაპატრონება სურთ

პოლიტიკა
116
Frontnews image description

"4 ოქტომბერს ხალხის ნების შეცვლა განიზრახეს იმ ძალებმა, რომელთაც საქართველოს დაპატრონება, მარიონეტული მმართველობის დამყარება და ქვეყნის სასურველ სცენარებში გამოყენება სურთ. სწორედ მათ წააქეზეს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შედეგების არმიღებაზე, არაღიარებაზე, გაყალბებულად გამოცხადებაზე, ბოიკოტზე, კრიზისის შექმნაზე, ძალადობრივ აქციებზე, ექსტრემიზმზე, ახალგაზრდების წინა ხაზზე მიშვებასა და რევოლუციური სცენარის აგორებაზე“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართული სახელმწიფო მტკიცე, გონიერი და მყარი აღმოჩნდა, ისინი ვერ მოგვერივნენ, მაგრამ რადგან ზეწოლას ქართველებისვე ხელით ახორციელებენ, მათ არ ადარდებთ უშედეგო პროცესის წარმოება.

„წლების განმავლობაში იმიტომაც აფინანსეს ქსელური აქტივიზმი, რომ სწორედ ასეთ დროს გამოიყენონ და შენახული აქტივები მიზანმიმართულად დახარჯონ. სწორედ ამ პროცესმა მიიყვანა ქვეყანა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე და შიდა ტერორიზმის გამოვლინებამდე. არჩევნების დღეს ქვეყნის აყირავების მცდელობა და რევოლუციური სცენარის ინსპირირება კარგად ნაცნობი მეთოდია. ასე მოხდა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის გამოყენებით და ასე მოხდა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც ბურჭულაძის ხუთეულის გამოყენებით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ტერორისტული რევოლუციის სამარცხვინოდ დამარცხებული მცდელობიდან ხუთი თვე გავიდა. მორიგ ჯერზე ჩავარდნილი სამარცხვინო პროცესის პასუხად, ნაცვლად დემოკრატიისა და სამართლიანობის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი განცხადებების მოსმენისა, მომხდარის დაგმობისა, ძალადობისგან ცალსახა გამიჯვნისა და სათანადო მოწოდებისა, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან სრულ წაყრუებას, გატრუნვას და ზურგის შექცევას.

„ამ დუმილის სიღრმისეული მიზეზი ნათელია - დემოკრატიულ ღირებულებებში სრული კრიზისი და აღრევაა, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი მორღვეულია, ევროკავშირს ყოველდღიურად უჭირს საკუთარ შიდა პრობლემებზე ფოკუსირება და მიმდინარე პოლიტიკური გამოწვევების გამკლავება. თუმცა, ამის პარალელურად, ისინი კვლავ ცდილობენ საქართველოს კრიტიკით ხელისუფლების დასუსტებას, ნამდვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და გამოხატვის შესაძლებლობის აღკვეთას. ეს კეთდება ღიად და დაუფარავად. ამის მაგალითებს ვხედავთ ყოველდღე - ხან სახელმწიფო დროშის დღის ცინიზმით „მოლოცვით“ და ხან თავისუფალ მედიაზე უსაფუძვლო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმით.

მუდმივი კრიზისი, მუდმივი წნეხი და მუდმივად არეულობის მცდელობა ემსახურება მხოლოდ ერთს: განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური მანევრის სივრცე, ვერ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის სტრატეგიულ მიზანზე კონცენტრირება, მუდმივად იმყოფებოდეს კაბალურ დამოკიდებულებაში, რაც სახელმწიფოს მარიონეტულ რესპუბლიკად აქცევს. ცივილიზაციური ტრაგედიაა, რომ სწორედ ამ მიმართულებით იკითხება დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკაც საქართველოს მიმართ.

შეუძლებელია ევროკავშირი გადარჩეს ასეთი პოლიტიკით. ევროკავშირი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპა, რომლის თანაშემოქმედიც ჩვენ ვართ, სრულიად სხვა ფასეულობებსა და ფესვებზე დგას. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ვიცით ისტორია - საიდან დაიწყო, რა გაიარა და სად მოვიდა. ამიტომ ჩვენ არ ვდგავართ ცალ ფეხზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა, სხვის სახლში შეშვების ყელგამოწეული მსურველივით, არამედ ვდგავართ, როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, ავის და კარგის გამრჩევი, ღირებულებებსა და რწმენაში მტკიცე ერი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები