Logo

შალვა პაპუაშვილი – 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ნატოს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში, ასე რომ, გაყოფა მთლად ასეც არ არის!

პოლიტიკა
806
Frontnews image description

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ნატოს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში – ასე რომ, გაყოფა მთლად ასეც არ არის! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების თარიღის 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშვნის თაობაზე ოპოზიციის წარდგენილი ინიციატივა დისკუსიის საგანი გახდა.

 

პროექტის ავტორებმა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ბიურომ მხარი არ დაუჭირა.

 

როგორც დებატებისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, 9 მაისი არასწორი თარიღი არ არის. მან ამ კონტექსტში დროის სარტყელზე გაამახვილა ყურადღება.

 

“როდესაც გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი მოეწერა, ეს იყო 8 მაისი, 23:00 საათი. ბერლინში საღამოს 11:00 საათი იმას ნიშნავს, რომ თბილისში დილის 02:00 საათი იყო – ამიტომ თბილისში იყო 9 მაისი, ბერლინში – 8 მაისი. შესაბამისად, ორივე თარიღი მისაღებია“, – განაცხადა სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე.

 

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას მიმართა, რომ საქართველო ფაშიზმზე გამარჯვებას უნდა აღნიშნავდეს ევროპის ქვეყნებთან და არა რუსეთთან ერთად, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელია.

 

“შრომის კოდექსში” ცვლილებები, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს, დეპუტატებმა – თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ მოამზადეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები