შალვა პაპუაშვილი – არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება არასწორად იქცევა.
“მე ვამჯობინებდი, რომ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებული მედიაც სამყაროს საქართველოს გადასახედიდან უყურებდეს. ვგულისხმობ, რომ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება. უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როცა ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდათ და უკრაინის ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ელჩი, ფაქტობრივად, გამოაძევა. ის ერთადერთი იყო ელჩებს შორის, რომელიც დარჩა კიევში და არ შეუშინდა რუსულ ბომბებს. მაშინ, როდესაც აშშ-ის, გერმანიის თუ სხვა ელჩებმა კიევი დატოვეს, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როდესაც სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ, როდესაც ხდება ამ ელჩის ქვეყნიდან გამოძევება, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი.
ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაშია თუ ოპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ უნდა იყოს. როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოკიდებულება, ყველა უნდა იყოს მკაფიო ამასთან დაკავშირებით. როდესაც ყალბი მიზეზით, თითქოს ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც სიყალბეა და ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, როდესაც ამ ყალბი მიზეზით ხდება საქართველოს ელჩის გამოძევება, აქ ქართველი, ვინც საკუთარ თავს ქვეყნის პატრიოტად მიიჩნევს, პოზიციაში უნდა იყოს ერთიანი, რომ ასეთი რამ მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნების ურთიერთობა კაპრიზებზე არ ეწყობა.
“თუ ვფიქრობთ, რომ ეს რამეს აზიანებს, ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამას უკრაინის ხელისუფლების ეს ნაწილი აზიანებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და ეს კაპრიზია, როდესაც სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა, მის მიმართ მოპყრობა სათანადოა, ერთიც დამტკიცებულია და მეორეც, მაინც ხდება ამ ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა და ასე შემდეგ. კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი