Logo

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გადავცემთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასწავლებლის როლს, შრომასა და ღვაწლს ერისა და სამშობლოს წინაშე

პოლიტიკა
120
Frontnews image description

"მოხარული ვარ, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეს საშუალება მაქვს სიტყვით მოგმართოთ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში. დღევანდელი თარიღი შერჩეულია ყველაზე საპატიო და ლოგიკური სახით - დღეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, 27 ოქტომბერი. 185 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიბადა უდიდესი ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე და უბრალოდ, „აი-იას“ შემქმნელი, იაკობ გოგებაშვილი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ჩვენი მომავალი, ჩვენს შვილებშია. ჩვენი შვილების მომავალს კი, მშობლებთან ერთად, განსაზღვრავენ მასწავლებლები.

"მთელი ქართული თანამედროვე ცოდნა, განათლება, პედაგოგიკა, ქართული ენა, ანბანი, წარმოადგენს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტს, რომელსაც მეცნიერული და საყოველთაო ფორმით საფუძველი იაკობ გოგებაშვილმა ჩაუყარა.  მას შემდეგ ეს პრაქტიკა და მემკვიდრეობა არასოდეს გაწყვეტილა, მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, რაც გასული საუკუნენახევრის განმავლობაში საქართველომ გამოიარა.

დღეს ჩვენ გვხვდა პატივი და პასუხისმგებლობა მივხედოთ ჩვენი სამშობლოს საუნჯეს - დაგროვილ ცოდნას, ეროვნულ თვითშეგნებასა და მომავალ თაობას. მასწავლებელი წარმოადგენს და უნდა წარმოადგენდეს ჩვენნაირი, მრავალჭირნახული ქვეყნის მთავარ ფასეულობას, რადგანაც სწორედ თქვენ ხართ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, ჩვენს წინაპრებსა და ჩვენს შთამომავლობას შორის.

აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ჩვენი მომავალი, ჩვენს შვილებშია. ჩვენი შვილების მომავალს კი, მშობლებთან ერთად, განსაზღვრავთ თქვენ, მასწავლებლები. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სიმბოლურ დღეს, ჩვენ გადავცემთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასწავლებლის როლს, შრომას და ღვაწლს თაობების, ერისა და სამშობლოს წინაშე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა დაგეგმილ განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დიდი როლი აქვთ მასწავლებლებს.

"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემას შეეხება. ჩვენ ველით განათლების სფეროს ისეთ სრულფასოვან და ყოვლისმომცველ გადააზრებას და ინტეგრაციას სახელმწიფოს შრომის, ცოდნისა და მეცნიერების სექტორებთან, როგორსაც იმსახურებს ჩვენი სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა, მისი ისტორია და მისი სუვერენიტეტი. ამ პროცესში კი ცხადია უმნიშვნელოვანესია მასწავლებლების, პედაგოგების, მეცნიერების როლი.  თქვენი შრომის დაფასება, შრომის ნაყოფიერების ზრდა, უფრო მეტ, გაცილებით ხელშესახებ შედეგად უნდა იქცეს. სწორედ ასე ავაშენებთ ერთიან, ძლიერ და მომავლის საქართველოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა.
 
მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Advertisement