შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას.
უწმინდესი პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000-წლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვერჩხლიდან ააგიზგიზა ქართველ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია.
უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი.
ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში.
ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი.
მწამს, რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედაეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება“, - აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.





