Logo

შალვა პაპუაშვილი - დამაფიქრებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც შეიკრიბა, რათა ქვეყანა აერია

პოლიტიკა
147
Frontnews image description

დამაფიქრებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4 ოქტომბერს შეიკრიბა, რათა ქვეყანა აერია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აფრთხილებდნენ, მათ შორის, მათ, ვინც უცხოეთიდან მხარდაჭერას უცხადებდნენ „წინასწარ გამოცხადებულ დამხობის შეკრებას“.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად წინასწარ დაანონსებულ დამხობის შეკრებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, ვაფრთხილებდით, მათ შორის, მათ, ვინც უცხოეთიდან სოლიდარობას თუ მხარდაჭერას უცხადებდნენ წინასწარ გამოცხადებულ დამხობის შეკრებას. გაისმა კიდეც მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, ლამის 1990-იანი წლების კადრები გაგვახსენა იმ ყველაფერმა, რასაც მიტინგზე ვხედავდით, შეკრებილების მიმართ მოწოდებებს, შეკრებილების რეაქციებს, როდესაც ტაშს უკრავდნენ ძალადობისკენ მოწოდებას. დამაფიქრებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც იმ დღეს შეიკრიბა, რათა ქვეყანა აერია. ამას აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებდნენ ჩვენი საზოგადოების ეს წევრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც, პაპუაშვილის თქმით, ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს ძალადობის აღკვეთა.

„დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა მალევე ჩაიშალა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს ძალადობის აღკვეთა. დაშავდა 25 პოლიციელი, მათგან ორი – მძიმედ. იმ ჯგუფებმა, რომლებიც აანონსებდნენ ძალადობას, ამ ჯგუფების მხარდამჭერმა უცხოურმა ჯგუფებმა არც კი მოიკითხეს პოლიციელების მდგომარეობა. ესეც მიუთითებს გულცივ დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს ზოგიერთ ჯგუფში ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი გამოვიდა 4 ოქტომბერს არა ოთხ საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ დილის რვა საათიდან საარჩევნო უბნებზე და თავისი სიტყვა თქვა არჩევნების გზით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement