Logo

შალვა პაპუაშვილი - ეს არის დაბრუნება წარსულში, იმ ევროპაში, რომელსაც ბევრი ცუდი რამე აქვს გაკეთებული სხვადასხვა ხალხების მიმართ

პოლიტიკა
217
Frontnews image description

ევროკავშირის წევრი ვიდრე არ ვართ და გადაწყვეტილებებზე გავლენა არ გვაქვს, არის არჩევითი პროცესი – რაღაცას გავიზიარებთ და რაღაცას არა,  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან ხდება წარსულში დაბრუნება, იმ ევროპაში, რომელსაც ბევრი ცუდი რამე აქვს გაკეთებული სხვადასხვა ხალხების მიმართ.

"ჩინეთთან ურთიერთობას ევროკავშირიც გვიშლის. ზოგიერთი ძალები ასი წლის წინანდელ ევროპის მენტალიტეტში ბრუნდებიან, როცა არსებობენ დიდები და პატარები, დიდები პატარებს რაღაცებს უშლიან. სწორედ ეს არის ცივილიზაციური უფსკრული. ეს არის დაბრუნება წარსულში, იმ ევროპაში, რომელსაც ბევრი ცუდი რამე აქვს გაკეთებული სხვადასხვა ხალხების მიმართ. აქეთკენ მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ევროპას. ეს არის პირველი ნაბიჯი, როცა აღმატებული ერების და პატარა ერების კატეგორიები შემოაქვთ. სამწუხაროდ, ბრიუსელი ისე გვიყურებს, როგორც პატარა ერს და ისინი აღმატებული ერია, რომელსაც უფლება აქვს ჩინეთშიც ჩავიდეს, ინდოეთშიც და სტრატეგიულ პარტნიორობასა და ვაჭრობაზე ისაუბრონ. ვის რა უნდა დავუშავოთ ჩვენი მცირე ეკონომიკით? – თურმე, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩინეთს ველაპარაკოთ. თურმე, ჩვენ დაქვემდებარებული საგარეო პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც უნდა დავუქვემდებაროთ ევროკავშირს. სხვათა შორის, ეს გვითხრეს კიდეც. ჩუმ-ჩუმად გვიყენებენ საკითხს სხვადასხვა ანგარიშებში, რომ სრულად დაახლოებული უნდა ვიყოთ ევროკავშირის საგარეო მიმართულებებს. ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის წევრი არ ვართ, ხმის უფლება არ გვაქვს იმ პოლიტიკის განსაზღვრაში და ვალდებულებას გვკიდებენ, რომ ამ ყველაფერს სრულად უნდა დაუახლოვდეო. ვიდრე სხვა ოჯახის წევრი არ გახდებით და არ შეხვალთ, იმ ოჯახს შეუძლია, რომ თქვენ დაგიწესოთ წესები, რომ ჩაი ამ ჭიქით დალიოთ და არა, იმ ჭიქით? მეზობელმა რომ გითხრათ, კარადა ასე რატომ გიდგათ და წიგნი ასე, თქვენ რას ეტყვით? – ევროკავშირს ამ ყველაფერს ვეუბნებით და სწყინთ. ნუ შემოგვივარდებიან ოჯახში, ნუ გვეტყვიან, ასე გააკეთეთ და ისეო. დაახლოების პროცესი პროცესია და პარალელურად უნდა მიდიოდეს. სრული ჰარმონიზება მაშინ იქნება, როცა სიტყვის უფლება გვექნება, ხმის უფლება, ანუ, წევრები ვიქნებით და გადაწყვეტილებაზე გავლენა გვექნება. გადაწყვეტილებებზე გავლენა ვიდრე არ გვაქვს, ეს არის არჩევითი პროცესი – რაღაცას გაიზიარებ და რაღაცას არა. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სინამდვილეში, ბრიუსელი საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს.

„ეს არის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, როცა ითხოვენ, რომ ჩვენ სრულად დავექვემდებაროთ ბრიუსელის საგარეო საკითხებს, მათ შორის სანქციებზე. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა აღიარა, რომ სანქციების დაწესებას გვთხოვენ და ამას დოკუმენტებში სხვადასხვა ფორმით წერენ. ბოლო ვიზალიბერალიზაციის შეფასების დოკუმენტი იყო, სადაც ეწერა, რომ საქართველო სასანქციო ინსტრუმენტებს მიერთებული არ არის და უნდა მიუერთდესო. ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი სისხლით გვაქვს მოპოვებული ევროკავშირში ზოგიერთისგან განსხვავებით და ამ სუვერენიტეტს ადვილად არ დავუთმობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები