შალვა პაპუაშვილი - გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და დიდ მადლობას გიხდით თქვენი ნაყოფიერი საქმიანობისთვის


ავტორი
Front News საქართველო
"დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის დამცველის, იუბილეს აღვნიშნავთ,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქნილობა, სრული მზადყოფნა და პროფესიონალიზმი კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოჩნდა სამსახურის საქმიანობის შედეგები. გამოჩნდა, თუ როგორ წარმატებით უმკლავდება სხვადასხვა ტიპის დავალებას, მათ შორის, მასშტაბურ სპეციალურ ოპერაციებს.
"დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის დამცველის იუბილეს აღვნიშნავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მზარდი საფრთხეების ფონზე, იცავს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სერიოზულ გამოწვევებს მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უმკლავდება.
დღიდან დღემდე მსოფლიო უსაფრთხოების გარემო სულ უფრო დაძაბული და კომპლექსური ხდება. მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქნილობა, სრული მზადყოფნა და პროფესიონალიზმი კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
ბოლო წლებმა შეგვახსენა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაში განმსაზღვრელი არის არა ალტრუიზმი, არამედ ეროვნული ინტერესები, რაც ქვეყნებს შორის კომპრომისსა და თანამშრომლობას ართულებს. შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით კი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მთავარი რგოლისთვის, გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი საზომი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
თქვენი საქმიანობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს - სიფხიზლეს, სიმამაცესა და თავდადებას, ასევე, უპირობო ერთგულებას. უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გამოჩნდა თქვენი საქმიანობის შედეგები. გამოჩნდა, როგორ წარმატებით უმკლავდებით სხვადასხვა ტიპის დავალებას, მათ შორის, მასშტაბურ სპეციალურ ოპერაციებს, იქნება ეს საგარეო საფრთხეებზე რეაგირება თუ კორუფციასთან ბრძოლა, ტერორისტული აქტივობების აღკვეთა, თუ ჰიბრიდული საფრთხეების განეიტრალება. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ერთგვარი უხილავი ფარია ჩვენი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების შიდა და გარე საფრთხეებისგან დასაცავად. ამასთანავე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობით, შესაძლებელი ხდება საქართველოს განვითარებაზე ზრუნვა, მათ შორის, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ბიზნესისა და ტურიზმისთვის სათანადო პირობების შექმნა, მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
თქვენი წარმატებული საქმიანობა წარმოაჩენს იმასაც, რომ ნამდვილი უსაფრთხოება არ გულისხმობს მხოლოდ საფრთხეების არარსებობას, არამედ ნდობის არსებობას ჩვენი ინსტიტუტებისადმი, დემოკრატიისადმი და იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მათ იცავენ. თქვენი დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერებით, სამშობლოს სიყვარულით, ერთგულებით თქვენ მოიპოვეთ ეს ნდობა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ თქვენი სამსახურის დაარსების წლისთავს. გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და დიდ მადლობას გიხდით თქვენი ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელიც მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავლის იმედს გვიმყარებს. ყოველთვის ასეთი მაღალი სტანდარტებით გემსახუროთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს