შალვა პაპუაშვილი – ხელს ართმევდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს, ესაუბრებოდნენ და ატარებდნენ კორიდორებში

ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“იცით, რომ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღების მიქცევის სურვილს და ამაზე, რა თქმა უნდა, ყურადღება მიქცეულია. მგონი, საზოგადოებისთვის გასაგებია და ჩამოყალიბებულია იმ სიმართლეზე, რომ მიხეილ სააკაშვილი, სამწუხაროდ, არ თანამშრომლობს ექიმებთან. ამას თავად ექიმებიც აცხადებენ. სააკაშვილსა და ექიმებს, სახელმწიფოს აქვთ სხვადასხვა ინტერესი. სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, რომ ის იყოს რაც შეიძლება ჯანმრთელი, რათა მოიხადოს თავისი 6-წლიანი სასჯელი, მისი ინტერესია, რომ იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული, რომ იქნებ რამენაირად გავიდეს ციხიდან.
ერთი რამ უნდა ითქვას, ამას გეტყვით, როგორც საქართველოს მოქალაქე. 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მესამე ინსტანციით მიესაჯა სასჯელი, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში. მათ შორის, ის დადიოდა ბრიუსელის კორიდორებში. ჩვენ ვამბობდით, რომ დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას, რათა არიოს საქართველოში სიტუაცია. გვახსოვს, რომ იმ პერიოდში, ვიდრე შემოიპარებოდა საქართველოში, ოთხი-ხუთი წელი თავისუფლად გადაადგილდებოდა, თავისუფლად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, ხელს ართმევდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს, ესაუბრებოდნენ და ატარებდნენ კორიდორებში, ის იქიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ერთვებოდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, პირდაპირ მართავდა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მათ შორის მაღალჩინოსანი. ყოველ ჯერზე, ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს არის საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, როდესაც დამნაშავე შეფარებულია, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, და არ ხდება მისი გადმოცემა საქართველოსთვის. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ეს ახდა.
ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა, ქუჩაში რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. სამწუხაროდ, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ჩვენ მიგვიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა. დღეს იმავე შეცდომის გამეორება ხდება.
ვხედავთ, რომ დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაში. თავის დროზე ბრიუსელში რომ იღებდნენ მიხეილ სააკაშვილს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოში რომ იღებდნენ ზურაბ ადეიშვილს და საუბრობენ მაღალ მატერიებზე, დავით კეზერაშვილს როდესაც იღებენ სხვადასხვა დედაქალაქში და საუბრობენ მაღალ მატერიებზე, ეს არის ის სამი დამნაშავე, რომლებმაც საქართველოში შექმნეს გულაგების სისტემა. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ადამიანის წამების, ღირსების აყრისა და ჩაგვრის სისტემა. ეს ადამიანები, ერთი – შეფარებული ჰყავდათ ამ ქვეყნებს და ჩვენ წკიპზე გადავრჩით, რომ ქვეყანაში არეულობა არ მომხდარიყო, თორემ ამისთვის ლამის განწირული ვიყავით. დღესაც, სულ მცირე, ორ ადამიანს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს იფარებენ. ამიტომ ვამბობ, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ თუკი რაიმე პროტესტი არის გასაცხადებელი, ჩვენ უნდა ვაცხადებდეთ პროტესტს, რატომ დაიარებიან თავისუფლად დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ევროპის დედაქალაქების ქუჩებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი დამნაშავე გადმოეცეს საქართველოს. პირდაპირ ვხედავთ და დავით კეზერაშვილიც აღიარებს, რომ ჩართულია პოლიტიკაში. ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარისკაცებს, ეს ადამიანი შეფარებულია ევროპის რომელიღაც ქვეყანას და არ ხდება მისი გადმოცემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




