შალვა პაპუაშვილი – პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები

ავტორი
Front News საქართველო
არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო პარლამენტის შტურმის მცდელობა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ვნახეთ, რომ ყველაფერი იყო წახალისებული გარედან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე თბილისში, სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება.
“ეს პროკურატურის საქმე და საკითხია. ამაზე ექნებათ ალბათ, თავადაც შემდეგ ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა – პროკურატურამ, შსს-მ – იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, რომ მაშინაც ეფექტიანად იმუშავეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე დეტალურად ვერ გეტყვით ვერაფერს. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს ჩხრეკა ჩატარდა ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ გეგუჩაძის სახლებში, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მარიამ ბაჯელიძის სახლში და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის სახლში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




