Logo

შალვა პაპუაშვილი – “ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა მედიაში არსებული გარემო

პოლიტიკა
14.09.2021 / 12:50
Frontnews image description

დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება წარმოადგენს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპის დაზიანების მძლავრი იარაღია. ჭორები, მოსმენილი ამბის გადმოცემა, ფაქტების დამახინჯება გამოიყენება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვისთვის და დისკრედიტაციისთვის. სიმართლესა და მონაგონს შორის ზღვარის განზრახ გაბუნდოვნება აძლიერებს ამომრჩევლების დაბნეულობას და ხელს უშლის ფაქტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დისკუსიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

“განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება გარკვეული ტელეკომპანიების მხრიდან, ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების მისამართით მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანია. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა ამ მხრივ მედიაში არსებული გარემო, რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქება.

 

ანგარიშში გაანალიზებულია, სამი მედიასაშუალების – „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების მაგალითზე. მედია მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-12 სექტემბრის შუალედს.

 

ანგარიშის მომზადებისას, შემუშავდა თვისებრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის მეთოდოლოგია. შინაარსობრივი ანალიზი განხორციელდა ისეთ კრიტერიუმებზე დაკვირვებით, როგორიცაა:

• ფაქტების სიზუსტე;

• წყაროთა სიცხადე;

• წყაროთა ნეიტრალურობა

საინფორმაციო გამოშვებების შინაარსობრივი ანალიზისას, რეპორტაჟები შემდეგი კატეგორიებით დაიყო:

• დეზინფორმაცია;

• ზიზღის ენა;

• მანიპულაციური შინაარსის შემცველი სიუჟეტები;

• დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობით, მტკიცებით ფორმაში ხდება ინფორმაციის ტირაჟირება;

• ინფორმაციის წყარო არის ბუნდოვანი;

• ხორციელდება ფაქტების ცალმხრივი გაშუქება და ნეგატივის წინა პლანზე მიზანმიმართული წამოწევით ამბის ხელოვნური დრამატიზება;

ძირითადი მიგნებები

• ხელისუფლების მიმართ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაციის დომინირება;

• გადაუმოწმებელი ფაქტებისა და ინფორმაციის ტირაჟირება;

• ბრალდების ტირაჟირება ისეთი სპიკერების დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლებიც თავად არიან თემასთან მიმართებით მხარე.

• უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად მოსაზრებები წარმოჩენილია ფაქტებად. რიგ თემებთან მიმართებით, თავად რეპორტაჟიდანვე ჩანს, რომ რეალური სურათი სხვაგვარია, თუმცა გაშუქების ხაზი მაინც არ იცვლება.

• განსაკუთრებით აქტუალურია პრემიერისა და დედაქალაქის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის დისკრედიტირების მცდელობა. მათ შორის, აღნიშნული პერსონები არიან სიძულვილის და ზიზღის ენის ობიექტები.

 

აღნიშნული ანგარიში საჯაროა და გადაეცემა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

 

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ დეზინფორმაცია, როგორც მცდარი აღქმების შექმნის ინსტრუმენტი, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის.სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ, განსაკუთრებით იმ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ პროექტებს დეზინფორმაციის და ზიზღის ენის ტირაჟირების წინააღმდეგ, დაინტერესდნენ ამ ტენდეციებით და შეაფასონ ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის გავლენა არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები