შალვა პაპუაშვილი – “ქართულმა ოცნებამ“ რომ იცის, როგორ სრულდება რეკომენდაციები, იმიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი

ავტორი
Front News საქართველო
გაიხსნა ახალი კარი, რომელსაც მივყავართ შემდეგი ეტაპისკენ, მოლაპარაკებების დაწყებისკენ და ამისთვის ევროკავშირის მხრიდან ცხრა მიმართულებაა დასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს, როგორ სრულდება და როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის რეკომენდაცია.
“წელიწად-ნახევრის განმავლობაში გვაჩვენეს, როგორ წარმოუდგენიათ ეს – დებოშით, რადიკალიზმით, საბოტაჟით, ბოიკოტით. მადლობა ღმერთს, მათ ხელისუფლების სადავეები არ აქვთ. „ქართულმა ოცნებამ“ რომ იცის, როგორ სრულდება რეკომენდაციები, იმიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი. ევროკავშირმა, ევროკომისიამ თავისი რეკომენდაციით თქვა, რომ 12 რეკომენდაციის საკითხი დახურულია. საქართველომ მიაღწია საკმარის პროგრესს, რათა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაიხსნა ახალი კარი, რომელსაც მივყავართ შემდეგი ეტაპისკენ, მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ამისთვის ევროკავშირის მხრიდან ცხრა მიმართულებაა დასახული, რომელშიც სხვადასხვა თემაა, მათ შორის ზოგი ძველი საკითხიც არის შეცვლილი ფორმულირებით – უფრო დაზუსტებული ან უფრო წინ წაწეული სახით მოცემული. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ფაქტობრივად, ჩავარდნილი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკება „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცოცხლა და ერთ წელიწადში მიიყვანა შედეგამდე, 2014 წელს ხელი მოაწერა. ასევე ვიზალიბერალიზაცია მოვუტანეთ ქართველ ხალხს. ჩვენ მოვუტანეთ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ წარმატებებზე არის დაფუძნებული ჩვენი საქმიანობა. პოლიტიკურის გარდა, ამას აქვს ასევე განზომილება, სადაც ჩართულია უამრავი საჯარო მოხელე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ რეკომენდაციების შესასრულებლად. ამიტომ „ქართული ოცნება“ როგორც აქამდე იყო წარმატებული, ასევე წარმატებით გადავა შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




