Logo

შალვა პაპუაშვილი - ყველამ დაიტოვოს ეს ძალადობა ბერლინში, პარიზში, თავიანთ დედაქალაქებში, ქართული კულტურის ნაწილად ძალადობრივი პროტესტი არ იქცევა

პოლიტიკა
218
Frontnews image description

არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად, დაიტოვონ ძალადობა პარიზში, ბერლინში, თავიანთ დედაქალაქებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"შარშან პარლამენტის შენობაში დაიწვა რამდენიმე ოთახი, შენობაზე ჩამტვრეული იყო ყველა შუშა, პიროტექნიკის გამოყენება იყო, ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას. ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს, არც სხვა რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, ევროპარლამენტს, რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპელს, დღემდე არ დაუგმიათ ის ძალადობა, რომელიც მათი დაფინანსებული „ენეჯეოებისგან“, პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ. სოფიაში, გვახსოვს, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი დაანთეს პარლამენტის ოფისთან, ამაზე ევროკავშირში ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ეს როგორ მოხდაო და აქ მათი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტის შენობას და არათუ არ დაგმეს, ფული დაუმატეს. ეს ძალადობა იყო ბრიუსელის ბიუროკრატებისგან წაქეზებული, რამაც შემდეგი ძალადობები მოგვიტანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ძალადობას სჭირდებოდა გამკლავება და მოძალადეების დაშოშმინება.

"ბრიუსელმა მოიწონა, წაახალისა, ტაში დაუკრა მოძალადეებს და ფული დაუმატა. ეს ხდებოდა პირდაპირ გარედან, ბრიუსელიდან ზეპირი და სიტყვიერი მხარდაჭერით. გვესმოდა განცხადებები: მიდით, ქართველებო, თქვენ გვერდით ვართ.

ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არის ექსცესები, როდესაც შეიძლება, მოხდეს ძალის გადაჭარბება ან გარკვეული დაზიანებები, ამ ექსცესებს სჭირდება გამოძიება. ერთი წელი გავიდა, რაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და ევროკავშირის ელჩს დღემდე  ერთი სიტყვა არ უთქვამს, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები აირწინაღებით დარბოდნენ პოლიციის წინააღმდეგ, მისი დაფინანსებული ადამიანები ყელყელაობენ, რომ პოლიციელებს შაშხანებს ესროდნენ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად. ყველამ დაიტოვოს ეს ძალადობა ბერლინში, პარიზში, თავიანთ დედაქალაქებში. ქართული კულტურის ნაწილად ძალადობრივი პროტესტი არ იქცევა. ეს არის ის ევროპა, რომელიც ზოგიერთს უნდა, რომ შემოიტანოს, თავისთვის დაიტოვონ კარგი რაღაცები და ჩვენ ეს ყველაფერი ევროპად შემოგვასაღონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები