შალვა პაპუაშვილი - ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, კულტურა არის ის, რაც გვეუბნება, თუ რატომ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი, განუყოფელი და ერთიანი.
„სასიამოვნოა ჩვენი კვლავ სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ამ დიდებულ დარბაზში და ორმაგად სასიამოვნოა სტუმრობა ამგვარ გამორჩეულ ღონისძიებაზე, რასაც საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოება ჰქვია. დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩვენ ვმონაწილეობდით ამგვარ ღონისძიებაში და უაღრესად მისასალმებელია ამ შესანიშნავი ტრადიციის გაგრძელება.
მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოში კულტურა ცოცხალი და თავისუფალია; რომ საქართველოსთვის კულტურა წარმოადგენს მისი თვითმყოფადობის, მისი იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს ბურჯს. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მოვდივართ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, პერიოდიდან, როდესაც ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება განსაკუთრებული სიმაღლით და მიღწევებით იყო გამორჩეული და ჩვენ ყველას გაგვაჩნია მისი მნიშვნელობის, უნიკალურობისა და გამორჩეულობის შეგრძნება. სპორტი და კულტურა იმ პერიოდში განსაკუთრებული სიამაყისა და თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენდა.
თებერვლის ბოლო კვირაში ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ საუკუნის წინანდელ ამბებს, რაც პირველ რიგში ეხება საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და მის დაკარგვას. ჩვენ ვიხსენებთ 70-წლიან საბჭოთა წარსულს, ავით და კარგით, დანაკარგით და შენაძენით, მსხვერპლით და მიღწევით. ასეთი ბედისწერა დაჰყვა საქართველოს, ჩვენი ისტორიის მანძილზე დალხენილი ცხოვრება იშვიათად თუ გვქონია. გვქონდა მშვიდობა, არ გვქონდა დამოუკიდებლობა. გვქონდა დამოუკიდებლობა, გვესეოდა მტერი ყველა მხრიდან, რომელიც ვერ ეგუებოდა თავისუფალ საქართველოს.
დღეს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წელს, ჩვენ მოვახერხეთ შეკავშირება, ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება, სუვერენიტეტის დაცვა, ქართველად ყოფნის ღირსების აღორძინება და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს დასაცავად. არ შეიძლება ჩვენი ეს ნაბიჯები არ იყოს ღირსებისა და სიამაყის განცდის მქონე.
ქართული კულტურა კი არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით. ეს არის ის, რაც გვეუბნება, თუ რატომ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი, განუყოფელი და ერთიანი.
ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს და საზოგადოებას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




