შალვა პაპუაშვილი - საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც ამ თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
"[უცხოური] დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია... ემსახურება მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას, უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების ხელშეწყობით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს“ - ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები მისი აღმასრულებელი ბრძანებიდან „აშშ-ის საგარეო დახმარების გადაფასება“, რომელსაც ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.
ამ სიტყვების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ამხილა უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკა, რომელიც ხშირად პოლიტიკური მიზნით ჩარევისთვის გამოიყენება, თუმცა წარმოჩენილია, როგორც დახმარება დემოკრატიულ განვითარებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების განვითარების უჩვეულო პერიოდის მომსწრენი გავხდით, როდესაც უცხოურმა დახმარებამ უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
„სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, ზიანი მიაყენა როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები.
უფრო მეტიც, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.
თუმცა, ამ კონცეფციების, პრინციპებისა და პროცესების დეტალურ შესწავლას ძალიან არასასიამოვნო დასკვნამდე მივყავართ: უცხოური დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიპულირების გზით, დემოკრატიის არსი დაშორდა თავის თავდაპირველ განმარტებას - მმართველობა ხალხის მიერ შეიცვალა უცხოური მმართველობით. „დემოკრატიის“ (ხალხის მმართველობა) ნაცვლად, შემოგვთავაზეს „ელიენოკრატია“ (უცხოური მმართველობა), ანუ მმართველობა არა ხალხის ნების შესაბამისად, არამედ უცხოეთიდან დაწესებული დოგმებით, რომლებიც ლეგიტიმაციას უცხოეთიდანვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსენსუსის საფუძველზე მოიპოვებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის ყველაზე ძლიერი საყრდენია ნორმების, მოსაზრებებისა და არგუმენტების მრავალფეროვნება, ელიენოკრატიამ, ანუ უცხოურმა მმართველობამ იდეოლოგიურ დონეზე შეზღუდა ეს მრავალფეროვნება და უპირატესობა მიანიჭა საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც უცხოელების მიერ თავსმოხვეულ დღის წესრიგს და იდეოლოგიას იზიარებენ.
„თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა - იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავს მოხვევა დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას.
საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც ამ თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა. ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა, უცხოური მხარდაჭერით, უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება - ხალხთან. ამგვარი აზრობრივი მანიპულაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ხალხად“ იქცნენ. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებულია არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე.
ის ფაქტი, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცვალეს, პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ინტერესები გვავალდებულებს, დავუბრუნდეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ნორმებს - სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.
"ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, ნამდვილ დემოკრატიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს