შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, შეჰყვეს რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით და დემოკრატიით ვაჭრობაში

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე არ აღიარა ქართველი ხალხის ნება და უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ პირდაპირ იარაღად იქცა.
პაპუაშვილის თქმით, მათთან სალაპარაკო არაფერია.
"არ იცვლება მათი მეთოდი, 2012 წლიდან მოყოლებული მათ აქვთ ერთი მეთოდი, ეს არის ადამიანების წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა. ასე იყო, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს აქ და ციხისთვის გაწირეს, თორემ კი იყო თავისთვის მშვიდად უკრაინაში. ასე იყო მელიას საქმე, ასე არის მზია ამაღლობელის საქმე, ასე არის ყველა ის საქმეები, სადაც მათ თავად წააქეზეს ადამიანები დანაშაულზე, შემდეგ გაწირეს ისინი ციხისთვის, მათ შორის, უცხოელებმა, მათ შორის, ელჩებმა გაწირეს იმით, რომ აქეზებდნენ, არ აღიაროთ დანაშაული, არ ითანამშრომლოთ მართლმსაჯულებასთანო. ამით წააქეზეს ის, რომ არ ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, არ ყოფილიყო მსუბუქი სასჯელი და ახლა ვაჭრობენ ადამიანებით, ეს არის პოლიტიკური ტრეფიკინგი, რითაც დაკავებულია დღეს რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოური პოლიტიკური ჯგუფი თუ ორგანიზაცია.
ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, ამ მეთოდს ყოველ ჯერზე იყენებენ. უგულავას ამბები თუ გახსოვთ, შემდეგ მსჯელობა, აბა, შეიწყალებს ვინმე თუ არ შეიწყალებს, იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ არ იქნება, რა და როგორ იქნება. ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით წირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით;
მეორე – ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება, 14 წელია, 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ყოველ ჯერზე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შემდეგ უცხოელების ჩართვით და ჩარევით, იქნებ რაღაცა დათმოთ, იქნებ პატარა შეღავათი გაუწიოთ, მანდატი კი დახიეს, მაგრამ იქნებ შემდეგ რაღაც სხვანაირად ჩართოთ და ასე შემდეგ. ეს არის ვაჭრობა დემოკრატიით. არც ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული ან რაიმე ცივილიზებული ქცევა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, რომ შეჰყვეს ამ რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი არიან დაკავებული, თავად თბილად არიან თავიანთ ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის. არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებით, "აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის”.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




