შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, არიან ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას საქართველოში უნდა წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი, იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კასიანოვს გაესაუბრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანდრეი კასიანოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
“მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არიან ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი გუშინ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს
“ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“, – განაცხადა კასიანოვმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი