შალვა პაპუაშვილი – საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია, ბოდიში მოგვითხოვია ყველასთან, ვისაც უნდა, რომ საცდელი ცხოველის რანგში ვიყოთ

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში კვალიფიციურ უმრავლესობასა და ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციურ მოადგილესთან დაკავშირებული საკითხი მედიატორის მხრიდან ჩამოწერილი რეგულაცია იყო, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მაშინვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ეს რეგულაცია ხარვეზიანი და არაფრისმომცემი იყო.
“რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას და ამ წესს, პირადად მე ვერ ვნახე ვერცერთი ადამიანი, ვისაც შემიძლია, დაველაპარაკო ამ რეგულირების შინაარსზე. სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც მანკიერი წრე, რომელიც შემდეგი სახისაა – თავის დროზე, ევროკავშირის მედიაციით, 19 აპრილს მოეწერა შეთანხმებას ხელი, სადაც ეწერა საკითხი კვალიფიციური უმრავლესობისა და ოპოზიციური მოადგილისა. ახლახან ცხრა პუნქტზე რომ გვქონდა მსჯელობა, ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვუთხარი, თქვენ, ყველანი იმყოფებოდით მედიაციის პროცესში შეხვედრებზე, იცით, რომ მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრებს, გაიხსენეთ, რომელი თქვენგანის წინადადება და იდეა იყო, როგორ წარმოიშვა ეს იდეა კვალიფიციურ უმრავლესობასა და ოპოზიციურ მოადგილეზე, თქვენგან ვინმეს წინადადება იყო? არავისი. ეს იყო მედიატორის მხრიდან ჩამოწერილი რაღაც რეგულაცია, რომელზეც ჩვენ იქვე ვუთხარით, რომ იყო აბსოლუტურად ხარვეზიანი და არაფრისმომცემი რეგულაცია. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო. ყალბი კამპანიის ფონზე, რომელშიც ჩართული იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პარალელური დათვლებით, ზოგიერთი უცხოელი აქტორი არჩევნების შედეგებზე თავდასხმით, ოპოზიცია არ იღებდა მანდატებს, მათ შორის ითხოვდა მანდატების შეჩერებას და ჩვენ მათ ძალით დავუტოვეთ ეს მანდატები. დღეს იმიტომ სხედან პარლამენტში, რომ ჩვენ მაშინ არ მივაჭირეთ ღილაკს თითი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ინსტიტუციის, პარლამენტის ინტერესებით ვმოქმედებდით და 19 აპრილის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს რეგულაცია გაიწერა საარჩევნო კოდექსში, თუმცა შემდეგ 19 აპრილის შეთანხმება გაუქმდა, აღარ არსებობს.
ყველა ინსტიტუტი, ყველა ქვეყანა, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება. არცერთ ქვეყანაში არ იღებენ. ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ, რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, შემდეგ ჩვენ მოგვიწოდონ. საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. ორი წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა თავის კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს. ყველასთან, ვისაც უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ რაღაც საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია. ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები და შემდეგ ჩვენ გველაპარაკონ. ჩვენ აქ არ ვართ სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები. ვერ გამიგია, ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის და რაც არის კარგი საქართველოსთვის, რატომ უნდა იყოს ეს ცუდი ევროკავშირისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




