შალვა პაპუაშვილი – სწორედ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას

ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას, იმედი მაქვს, ამ გადმოსახედიდან შეაფასებს პრეზიდენტი ვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“არა მხოლოდ პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობას ვხედავთ, პირდაპირ ვხედავთ ზეწოლის მცდელობას სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოზე. ერთ-ერთი ხაზის წარმოჩენის მცდელობაა, თითქოს სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოების დამშვიდების, დეპოლარიზაციის, თუ დერადიკალიზაციის ნაბიჯი იქნებოდა. ეს სიყალბე და მანიპულაციაა. სწორედ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას.
პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის მიმართ რჩევა ვერ მექნება. მე როგორც მოქალაქეს, იმედი მაქვს, რომ ამ გადმოსახედიდან შეაფასებს პრეზიდენტი ვითარებას, ვინაიდან, პრეზიდენტი თავისი სტატუსით წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელმაც უნდა იზრუნოს საზოგადოების თანხმობასა და სიმშვიდეზე, ასევე სამართლის უზენაესობაზე.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავად იყო 2007 წელს საპროტესტო ტალღის მონაწილე, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. ისიც თავად არის იმ საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ გადმოსახედიდან უყურებს ამ საკითხს. კერძოდ, თუ ვსაუბრობთ საზოგადოების განწყობაზე, ისიც არის ამ განწყობის ნაწილი და თავადაც გაცნობიერებული აქვს იმის მნიშვნელობა, რომ სააკაშვილის პირადი დანაშაულების მსხვერპლებმა და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებმა არ იგრძნონ, რომ დანაშაულისთვის სასჯელი აცილებული იქნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




