შალვა პაპუაშვილი – თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არის “დროა“ და “გირჩი“, მწარედ ცდება, ხალხი რასაც უჭერს მხარს, ეს ჩანს მათ განწყობებში


ავტორი
Front News საქართველო
ვინმე თუ მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არის „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, მწარედ ცდება. ქართველი ხალხი სადაც დგას და რასაც უჭერს მხარს, ეს ჩანს მათ განწყობებში, ეს გამოჩნდა, მათ შორის, ბოლო არჩევნებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“რაც შეეხება აქციებს, საერთო ჯამში, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კრახი. თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არის “დროა“ და „გირჩი“, მწარედ ცდება. ქართველი ხალხი სადაც დგას და რასაც უჭერს მხარს, ეს ჩანს მათ განწყობებში, ეს გამოჩნდა, მათ შორის, ბოლო არჩევნებზე, როდესაც ქართველმა ხალხმა განუახლა მანდატი „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი “ქართული ოცნების“ პოლიტიკას მხარს უჭერს.
“ქართველ ხალხს რაც უნდოდა და რა პოლიტიკასაც უჭერს მხარს, ეს აჩვენა ბოლო შუალედურმა არჩევნებმა. შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უჭერს მხარს. რაც შეეხება, რაში მდგომარეობს პოლიტიკა, ჩვენი პოლიტიკა მარტივია. ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვიღაცისთვის შეიძლება, რუსეთი აგრესორი გახდა და რუსეთის აგრესიულობის ათვლის წელთაღრიცხვა იწყება 2022 წლის 24 თებერვალს, მაგრამ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენთვის წელთაღრიცხვა დაიწყო თუნდაც ასი წლის წინ, მანამდეც და თუნდაც 90-იან წლებში. ამიტომ შეიძლება ახლა ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი, ზოგიერთი ქვეყანა გულში მჯიღს იცემს და უნდა აჩვენოს, რომ ყველაზე მეტად არის უკრაინის მხრდამჭერი, თითქოს ისინი არიან, ვისაც ყველაზე მეტად ესმის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. მათთვის, ზოგისთვის აგრესიული პოლიტიკის შეფასების წელთაღრიცხვა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, ქართველმა ხალხმა ეს დიდი ხანია, ვიცით.
რაც შეეხება პოლიტიკას, ეს პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: უკრაინის მიმართ აბსოლუტურ სოლიდარობასთან ერთად, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ხალხის წინაშე, რომ პირველი, ჩვენი ხალხი არ დადგეს ომის საფრთხის წინ და რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხის წინ; მეორე, ჩვენი ხალხი არ დადგეს ეკონომიკური კრიზისისა და კატასტროფის წინაშე. ზუსტად იგივე კრიტერიუმით მოქმედებს ყველა ქვეყანა ევროპაში. განსხვავება არის ერთადერთი, რომ განსხვავებით ყველა იმ ქვეყნისგან, რომელიც ჩვენთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის ალიანსშია, საქართველოს არ იცავს ნატო-ს ატომური ქოლგა, ყველა ამ ქვეყანას იცავს, ჩვენ უსაფრთხოების არცერთი ქოლგა არ გვიცავს, არცერთი გარანტია არავისგან არ გვაქვს. ჩვენ ვართ მარტო ამ საკითხში, ასევე, საქართველო, განსხვავებით ყველა იმ ქვეყნისგან, რომელიც ევროპაშია, არ არის დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით. შესაბამისად, ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემისას, რაც შეგვექმნება, ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვიყოთ დახმარების იმედად, მაგრამ არავის ექნება ვალდებულება, ჩვენ დაგვეხმაროს, თუ ჩვენთან იქნება კრიზისი. ახლა რომ არის საუბარი ხორბლის და ფქვილის კრიზისზე, სხვა ეკონომიკურ საკითხებზე, რაც სოციალურ საკითხებს უკავშირდება, ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსეთზე.
სხვათა შორის, ზოგმა ქვეყანამ ახლა რომ დაიწყო ენერგოდამოუკიდებლობაზე ზრუნვა, ჩვენ ამაზე დიდი ხანია, ვიზრუნეთ და მათთან შედარებით, ნაკლებად დამოკიდებული ვართ. დღესაც ევროკავშირი ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მხოლოდ ერთ მილში, რომელიც უკრაინის გავლით გადის, ერთ მილში გატარებულ გაზში. იცით, რომ წელიწადში 50 მილიარდის ვაჭრობა აქვთ. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით არცერთ ქვეყანას მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი