Logo

შალვა პაპუაშვილი წითელი ნუსხის სახეობის - კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის დაწყებას დაესწრო

პოლიტიკა
225
Frontnews image description

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

"ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხორციელდება ასეთი მასშტაბური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის პოპულაციის აღდგენა იწყება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსგავსი პროგრამის განხორციელება სხვა ეროვნულ პარკებში აქვს დაგეგმილი. ეს არის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში ხორციელდება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნება შევინარჩუნოთ იმ სახით, როგორიც გვაქვს და აღვადგინოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის დაცული ტყის მონაკვეთში კეთილშობილი ირმის 7 ინდივიდი გაუშვეს, რომელიც თბილისის ზოოპარკშია გამრავლებული. პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება.

ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ტერიტორია აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით.

Advertisement