შალვა პაპუაშვილი - თუ ვინმეს უნდა გაიგოს, თუ რა სურს ქართველ ხალხს, საკმარისია ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს შეავლოს თვალი


ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი ხალხის ნების უარყოფის მავნე პრაქტიკას მიმართავს და სანაცვლოდ, უცხოეთიდან დაფინანსებულ ერთ მუჭა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ეყრდნობა, უფრო მეტს გვეუბნება ევროკავშირის პოლიტიკის საგანგაშო ვითარებაზე, ვიდრე საქართველოს მთავრობაზე, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსის განცხადებას.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ხალხის ნების სხვაგვარად წარმოჩენის ნებისმიერი სხვა გზა და მეთოდი, უკეთეს შემთხვევაში რეალობიდან გაქცევაა, ხოლო უარეს შემთხვევაში შიდა საქმეებში უკანონო ჩარევა.
მისი თქმით, ევროპელი ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური პირის განცხადებები, სადაც ისინი "ქართველი ხალხის ხმაზე“ აპელირებენ, სახალხო დემოკრატიის არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
"თუ ვინმეს უნდა გაიგოს, თუ რა სურს ქართველ ხალხს, საკმარისია ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს შეავლოს თვალი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა 2012 და 2024 წლების არჩევნების შედეგები. 2012 წელს 1 180 000 ხმა მივიღეთ, 2024 წელს - 1 120 000 ხმა, ხოლო წელს - 1 107 000.
სამივე არჩევნები რეფერენდუმად იყო მოაზრებული - პირველი წარმოადგენდა არჩევანს სააკაშვილის დიქტატურას და დემოკრატიას შორის; მეორე - უცხოურ ინტერესსა და ეროვნულ ინტერესებს შორის; ხოლო მესამე - საქართველოს არჩევანსა და იმ უცხოელებს შორის, რომლებიც უარს ამბობენ, შეისმინონ ქართველი ხალხის ხმა.
ხალხის ნების სხვაგვარად წარმოჩენის ნებისმიერი სხვა გზა და მეთოდი, უკეთეს შემთხვევაში რეალობიდან გაქცევაა, ხოლო უარეს შემთხვევაში შიდა საქმეებში უკანონო ჩარევა.
ამიტომაცაა, რომ ევროპელი ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური პირის განცხადებები, სადაც ისინი „ქართველი ხალხის ხმაზე“ აპელირებენ, სახალხო დემოკრატიის არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრების ბოლო შეხვედრაზე ზოგიერთი საგარეო მინისტრი და ევროკავშირის გაფართოების კომისარი „ქართველი ხალხის ნებას“ ახსენებს, როგორც ჩანს, მათ ქართველების უმრავლესობა სულაც არ ჰყავთ მხედველობაში. როგორც ჩანს, ისინი გულისხმობენ იმ რამდენიმე უცხოეთიდან დაფინანსებულ ენჯეოშნიკს, მარგინალიზებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მათ მომსახურე პროპაგანდისტებს, რომლებიც დიდი ხანია თავს ესხმიან საქართველოს მთავრობას „ევროპის“, „დემოკრატიისა“ და „დასავლეთის“ სახელით. იმავდროულად, ისინი ამ თავდასხმისთვის იყენებენ ყველაზე არაევროპულ, არადემოკრატიულ და არადასავლურ საშუალებებს - ძალადობას, დამხობას, ზიზღსა და პოლიტიკურ პოლარიზაციას. მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ეს ადამიანები, რომელთა პოლიტიკური მიზნები მათი დამფინანსებლების მიზნებს ემთხვევა (რაც ბუნებრივია) ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირებისა და ბიუროკრატების მიერ „ქართველ ხალხად“ არიან დანიშნული. მაგრამ ქართველი ხალხისათვის ისინი არიან ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ - მარგინალიზებული რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პოლარიზაციას და ზიზღს აღვივებენ შიდა პოლიტიკაში.
ეროვნული სუვერენიტეტი წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია და მისი დაზიანების ნებისმიერი მცდელობა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, მიუხედავად იმისა ვისგან მომდინარეობს ის, რუსეთისგან თუ რომელიმე ევროპული ქვეყნისგან. სუვერენიტეტის პრინციპის, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური საყრდენის, უარყოფა მიუღებელია.
ყოველ ერს თავისი მგრძნობიარე წერტილები გააჩნია. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა სისხლით მოვიპოვეთ, განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენი სუვერენიტეტის ნებისმიერი სახით დაზიანება. ამიტომ, სახალხო სუვერენიტეტის მიმართ მეურვეობით დამოკიდებულებას ვერავისგან ვერ შევეგუებით. განსაკუთრებით პარადოქსული კი ისაა, რომ ამგვარ მცდელობებს პოსტსაბჭოთა ბალტიის რესპუბლიკები და ზოგიერთი პოსტკომუნისტური ქვეყანა მიმართავს.
ქართველი ხალხის ნების ამგვარი მისაკუთრება, საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევითა და ევროპის სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - სახელმწიფოს გაუქმება.
ის, რომ ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი ხალხის ნების უარყოფის მავნე პრაქტიკას მიმართავს და, სანაცვლოდ, უცხოეთიდან დაფინანსებულ ერთ მუჭა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ეყრდნობა, უფრო მეტს გვეუბნება ევროკავშირის პოლიტიკის საგანგაშო ვითარებაზე, ვიდრე საქართველოს მთავრობაზე", - წერს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა