შალვა პაპუაშვილი - თვალში საცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს


ავტორი
Front News საქართველო
თვალში საცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება. რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუ პლაკატის – „თავისუფლება მზიას“ – ფონზე ჩაწერა. ამით მან მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, აკვირდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ „დაკვირვების“ მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამედ მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის.
„მით უმეტეს, რომ გერმანიის ელჩს გვერდით ესტონელი კოლეგა ეჯდა, რომლის მთავრობამაც სწორედ ამ მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებების არმიღების გამო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი „თვალთვალი“, ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა. ამავე დროს, ეს ქცევა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც გერმანიის ელჩი სხვა ბანერის ფონზე გამოჩნდა და რომელზეც რადიკალური ჯგუფების ცნობილი ყიჟინა – „მონა“ ეწერა. რადიკალების ეს ყიჟინა შემთხვევითი და წინდაუხედავი წამოძახილი არ არის. ამ პროპაგანდისტული ტაქტიკის მიზანი მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის მორალური ბარიერის მოშლაა. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი და მისი ამომრჩეველი მონაა, ესე იგი, ის უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებაა, ნივთი და არა ადამიანი. და თუ მის ღირსებასა და ადამიანობას არ აღიარებ, მაშინ მასზე არც ადამიანური კანონები ვრცელდება. ამიტომ მისი შეურაცხყოფა, დევნა, თავდასხმა, ამის სხვების დასანახად კეთება და თავის მოწონება სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც, მათ შორის, გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა თავიანთ ყოველდღიურ რიტუალად აქციეს“, – წერს პაპუაშვილი.
მისივე განცხადებით, გერმანიის კონსტიტუცია, მისი პირველივე მუხლის პირველივე წინადადება იწყება სიტყვებით: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია“.
„სხვების მონებად შერაცხვა, მათი უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებებად გამოცხადება არის თავად გერმანიის კონსტიტუციის სიტყვის, სულისკვეთების და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფა. ცალკე საკითხია, რომ ელჩის ამგვარი გზავნილი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას და ხალხს ეხება. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ელჩის გამოსარჩლებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ამ კითხვასაც გაეცეს პასუხი: არის თუ არა სხვა ადამიანის მონად შერაცხვა მისი ადამიანური ღირსების უარყოფა? მისაღებია იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს?
P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – წერს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა