შალვა პაპუაშვილი - უნდა დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, სიკვდილი სიცოცხლეა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი

ავტორი
Front News საქართველო
ჰიბრიდული და კოგნიტური მექანიზმების გამოყენებით ეს როლი „სიხარულით“ უნდა შეგვესრულებინა: გაშლილი დროშებითა და სოლიდარობის ჯაჭვებით სხვათა სასარგებლო პროცესში ჩავბმულიყავით; დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, სიკვდილი სიცოცხლეა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
სპიკერის განცხადებით, მათ უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ქვეყანას ერთხელ უკვე ძვირად დაუჯდა, უპასუხისმგებლო და უცხოების მაამებელი მმართველის ხელში. შედეგები კი, როგორც მაშინ, სისხლით, მიწით და მომავლით უნდა გადაეხადათ.
"მაგრამ, ჩვენ ვართ უძველესი ერი, საუკუნეთა ქარტეხილებში გამოვლილი ხალხი, ჩვენში დევს ჩვენი გმირი წინაპრების ოფლითა და სისხლით მონაპოვარი სიბრძნე და ვიცით, რომ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი თავი ჩვენივე გადასარჩენია. ჩვენ აღარ ჩავდგით ფეხი დაგებულ ხაფანგში და რაც მთავარია, ჩვენ აღმოგვაჩნდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ აგვეხსნა ჩვენი ხალხისთვის, რა იყო თეთრი და რა იყო შავი, რა იყო სიმართლე და რა იყო სიცრუე, გაგვერჩია მტერი და მოყვარე, მართალი და მზაკვარი. ხალხმა მოგვისმინა, ხალხი გვენდო, ხალხმა აირჩია სიმართლე და მხარი დაგვიჭირა.
ეს მხარდაჭერა არის ჩვენი უძლეველი ფარი, ჩვენი რწმენისა და სიმტკიცის საფუძველი, რომ აქ, ამ დარბაზში ჩვენ ვდგავართ ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე. ამ დარბაზში ჩვენი მუშაობის ყოველი დღე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და დამოწმება იმისა, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა მოგვცა ეს მანდატი და ვერავითარი გარე ჩარევა ვერ შეცვლის ხალხის ამ ნებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




