შალვა პაპუაშვილი - ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველად, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი, ასე უნდა შევხედოთ ბრიტანეთს, მის ელჩს

ავტორი
Front News საქართველო
გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი.
„პირველ ყოვლისა, გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ალბათ, იმიტომ, რომ „პოსტივისთვის“ და „იმედისთვის“ ეყურებინა, საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, თუკი რაიმეს შეიძლება, ეყრდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები. ვფიქრობ, დასტურდება, რომ ელჩმა ამით შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე, რაც რა თქმა უნდა, თავისთავად არის ძალიან მძიმე. გუშინ სოციალურ მედიაში ტრიალებდა მისი ერთ-ერთი ვიდეო. ხუთჯერ ვუყურე და მართლა ირონიაა. ადამიანი რამდენიმე თვის წინ დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის თუ მედიის მხარდამჭერები არიან და აღმოჩნდა, ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა კაბინეტში და დაიწყო საბაბების შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის. გუშინ ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი, ეს ერთი. მეორე – აქ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა არის მიზანი. საბოლოო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის.
შეგახსენებთ, სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“, ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე კეზერაშვილი. სხვათა შორის, ბრიტანეთი გვერდს უვლის ქართულ სანქციებს. იცით, რომ კეზერაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და ბრიტანეთი არღვევს ქართულ სანქციებს, არ გადმოგვცემს კეზერაშვილს და ამით გვერდს უვლის საქართველოს, ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად, ეს არის სწორედ მიზანი, ჩაახშონ თავისუფალი, მართალი სიტყვა, ჩაახშონ ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და გზა გაასუფთაონ საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომელსაც სხვადასხვა შავი სქემებით დღეს ევროპიდან აფინანსებენ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქმნის სპეციალურ ინსტრუმენტს ევროკავშირში, ევროპაში ცენზურით დაზიანებული მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ სრული ინფორმაცია და მათ შორის ეს ეხება ბრიტანეთსაც, სადაც სწორედ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება.
დასკვნა ერთია, ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველად, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას უნდა გავუსწოროთ ჩვენ თვალი, ასე უნდა შევხედოთ ბრიტანეთს, მის ელჩს და მისი ელჩის საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




