Logo

"შექმნილ რეალობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, მის მარიონეტულ, თვითმარქვია ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას"

პოლიტიკა
238
Frontnews image description

ევროკავშირთან ამ უკიდურესად ნეგატიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დავკარგოთ ყველა ის ძირითადი ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე გვაქვს, - ამის შესახებ ყოფილი დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას აძლევს საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას; ანგარიშის თანახმად, “საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით”; “საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის”; პარტია „ქართული ოცნების“ მიერ თითქოსდა “კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათ სანდოობას საძირკველი გამოეთხარა”; ასევე მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან მიმართებითაც, რაც ჩვენს “ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს”;

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული ერთი წლის მანძილზე “ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად”; მეტიც, პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან “ევროკავშირის წინააღმდეგ დაწყებული მტრული რიტორიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ქმედებებს”; ანგარიში ცალსახად აღნიშნავს, რომ “ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს”;

ასევე, “საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებებმა სერიოზულად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მთლიანობა, რამაც გაამწვავა სასამართლო ხელისუფლების მიტაცების რისკები”; ყველაზე საგანგაშოა, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, “საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოლოდინებს” და “ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუს მხოლოდ ნომინალურად ადასტურებს”; ევროკომისიის ანგარიშში ასახული ეს უმძიმესი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბიძინა ივანიშვილისა და პარტია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს, საქართველოს კონსტიტუციის განზრახ უგულებელყოფასა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს; ანგარიშში ასახული ვითარება, რომელიც განაპირობა “ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფოს მიტაცებამ და რომელიც ყველა ქართველისათვის კარგადაა ცნობილი, უპირველეს ყოვლისა ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს მომავალს, ჩვენი სამშობლოს განვითარებას; საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. ეს მმართველობა, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში, არა მარტო გვაშორებს ქართველების ბევრი თაობის მრავალსაუკუნოვან ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებას, არამედ ანგრევს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს ემსახურება;

დღეს, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ ევროკომისიის ანგარიშის წარდგენას ბრიუსელში, საქართველოს ადგილი იყო ცარიელი. ქართველი ხალხი არ იყო წარმოდგენილი იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც საკუთარ თავს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებენ და უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრობისთვის ემზადებიან; პარტია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შედეგად დაწყებული, შეუქცევადი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, საქართველო სწრაფად სცილდება ევროპას, დასავლურ ცივილიზაციას და კარგავს სრულიად უნიკალურ, ერთჯერად შესაძლებლობას გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა სულ რამდენიმე წელიწადში;

ევროკავშირთან ამ უკიდურესად ნეგატიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დავკარგოთ ყველა ის ძირითადი ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე გვაქვს - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ასოცირების შეთანხმება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის მონაპოვარს წარმოადგენს; შექმნილ რეალობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, მის მარიონეტულ, თვითმარქვია ხელისუფლებას და პარტია "ქართულ ოცნებას", რომელსაც უკვე დიდი ხანია, აღარ გააჩნია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა;

მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირი და საქართველოს ევროპელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ჩვენი ერის ევროპულ არჩევანს. მათთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, სრულიად ნათელია, რომ საქართველოს ევროპის გარდა სხვა ალტერნატივა პრინციპულად არ გააჩნია; რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საკუთარი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რომ ევროპული კავშირის პროექტი, ერთიანი ევროპული ოჯახის იდეა, ვერასდროს იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე!

ჩვენთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ასევე სრულიად ნათელია, რომ დღეს საქართველოში არსებული დაპირისპირების ხაზი ევროპულ ცივილიზაციასა და რუსულ ტოტალიტარიზმს შორის გადის თითოეული ჩვენგანის უწყვეტ პროტესტზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement